საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი, ზურაბ გელაშვილი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
გელაშვილს საქართველოს U17 ნაკრებში 2012-13 წლებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი იყო. U19 გუნდში კი მან 2014 წელს გია ცეცაძის თავკაცობით 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გელაშვილის საკლუბო კარიერა ტორპედო ქუთაისს, რუსთავის მეტალურგს, გურიას, საპოვნელას, ზუგდიდს, მეშახტესა და ზესტაფონს მოიცავდა. 2024 წელს მან კარიერა დაასრულა.
"საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ზურა გელაშვილი.
სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს!" - წერია ქართული კლუბის განცხადებაში.