საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გასვლითი შეხვედრით გახსნა.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ესპანელ სპეციალისტს, რუბენ გარაბაიას დებიუტი ჰქონდა და მისი შეგირდები პირველივე ტურში ჯგუფის მთავარ ფავორიტს, ნორვეგიას დაუპირისპირდნენ.
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და უპირატესობაც მალევე მოიპოვეს, თუმცა ქართველი ხელბურთელები პირველ ტაიმში სხვაობის სამ ბურთზე შენარჩუნებას ახერხებდნენ. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს ნორვეგიელებმა ტემპს მოუმატეს და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით, 20:12 გავიდნენ. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო, მასპინძლებმა კი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და მატჩის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
მატჩის შემდეგ თეიმურაზ ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ გუნდს ბევრი ტრავმირებული მოთამაშე აკლია და შეხვედრაც ცუდად, შეცდომებით დაიწყეს. მისივე თქმით, როცა თამაშის გადარჩენის შანსი აღარ იყო, სამწვრთნელო შტაბმა გამოცდილი მოთამაშეების დასვენება და ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა, რათა მომდევნო, ავსტრიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ძალები დაეზოგათ. ორჯონიკიძე იმედოვნებს, რომ ეს მარცხი მომავალ შეხვედრაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
საქართველოს ნაკრები 8 ნოემბერს თბილისში ავსტრიას უმასპინძლებს. თავის მხრივ, ავსტრიელებმა 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში თურქეთი 37:30 დაამარცხეს.