საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენმა ასაკობრივმა, პირველ ტურში ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და 1 ქულა დაიმსახურა.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 4 გოლით ნიკოლოზ დუნდუა გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე კვარაცხელია (ხვიჩა კვარაცხელიას ძმა) დასახელდა.
ტურნირის თასი გუნდის კაპიტან ანდრია ფოცხვერიას, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა.

