საუთჰემპტონმა მუდმივი სამსახური შესთავაზა სტაჟიორს, რომელიც ჯაშუშობის სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
საუბარია 23 წლის უილ სოლტზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში, მიდლსბროსთან გასამართი პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ, მეტოქის ვარჯიშის ფარულად გადაღებისას გამოიჭირეს.
ამ ფაქტის შემდეგ კლუბმა ჩემპიონშიპის პლეი-ოფებიდან დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო 2026/27 წლების სეზონს ოთხქულიანი საჯარიმო სანქციით დაიწყებს. EFL-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი ინციდენტები ადრეც ხდებოდა ოქსფორდ იუნაიტედისა და იფსვიჩ თაუნის წინააღმდეგ მატჩების წინ.
გამოძიების შედეგად გასაჯაროებული WhatsApp-ის შეტყობინებები ცხადყოფს, რომ სტაჟიორებს ჯაშუშობას უშუალოდ მთავარი მწვრთნელი, ტონდა ეკერტი ავალებდა.
ერთ-ერთი უმცროსი თანამშრომელი მიწერილ შეტყობინებაში აღნიშნავდა, რომ მას უარის თქმის არჩევანი არ ჰქონდა, რადგან ის სტაჟიორი იყო და დავალებას ასრულებდა.
მიუხედავად ამ სკანდალისა, კლუბის მფლობელმა დრაგანი სოლაკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ეკერტს და განაცხადა, რომ მწვრთნელი მეორე შანსს იმსახურებს. ახლა კი, მოულოდნელი გადაწყვეტილებით, კლუბმა უილ სოლტს აკადემიაში მუდმივი სამუშაო ადგილი შესთავაზა.