ჰენრი სეხუდო მიიჩნევს, რომ UFC 333-ზე პიოტრ იანის დასამარცხებლად მერაბ დვალიშვილმა საკუთარი განწყობა და მიდგომა უნდა შეცვალოს.
სეხუდო UFC-ის 2 წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და მერაბ დვალიშვილთან ოქტაგონზე 3 რაუნდი აქვს გატარებული, ამიტომ აბუ დაბიში გასამართ საჩემპიონო ბრძოლასთან დაკავშირებით მის მოსაზრებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებაში ანგარიში 1:1-ია, ხოლო 24 ოქტომბერს ორი სუპერმსუბუქი წონის ვარსკვლავი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ნანატრ მე-3 ბრძოლას გამართავს.
დვალიშვილმა იანი 2023 წელს დაამარცხა, 1 წლის შემდეგ კი შონ ო’მალის წინააღმდეგ გამარჯვებით ჩემპიონი გახდა. მერაბმა ქამარი 3-ჯერ დაიცვა, თუმცა UFC 323-ზე ტიტული რუს მებრძოლთან დათმო.
იანის დასამარცხებლად მერაბი გაბრაზებული უნდა იყოს
თუმცა სეხუდო ფიქრობს, რომ თუ დვალიშვილი საკუთარ ემოციებს სწორად გამოიყენებს, ყოფილ ჩემპიონს გამარჯვების მოპოვება შეუძლია.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა მერაბს მესამე ბრძოლაში იანის დამარცხება, სეხუდომ უპასუხა:
„დიახ, ვფიქრობ, რომ შეუძლია.
მაგრამ მერაბი გაბრაზებული უნდა იყოს. ეს მასაც ვუთხარი: ‘მერაბ, ის წყეული ბრაზი უნდა დაიბრუნო’.
საქართველოში ღვინოს ვსვამდით და ვუთხარი: ‘იცი, რატომ დაამარცხე პიოტრ იანი? გახსოვს, ბოლოს რა თქვი?’ - ‘ყველასთან შემიძლია წავაგო, მაგრამ მასთან - არა’.
ეს მეტოქეობა ისევ უნდა გააღვიძო. შეწყვიტე ასეთი თავმდაბლობა. ყველა ჩვენგანში არის ცუდი მხარე და ვფიქრობ, შენც სწორედ ის უნდა გამოავლინო. მერაბის შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულებასა და განწყობაზეა.
თუ მერაბს სწორი განწყობა და ხედვა ექნება, გამოიყენებს თავის გამძლეობას და ტეიკდაუნს ტეიკდაუნზე შეასრულებს, ვფიქრობ, მესამე ბრძოლაში პიოტრ იანს იგივე შეიძლება გაუკეთოს, რაც პირველ შეხვედრაში გაუკეთა. ამის ნამდვილად მჯერა“, - განაცხადა სეხუდომ.