მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი, შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში სენსაციურად დაბრუნდეს.
გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, ლონდონის ფულემი 41 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს მარკო სილვას შემცვლელად განიხილავს, რომელმაც კლუბი ლისაბონის ბენფიკაში გადასვლის გამო დატოვა. აღსანიშნავია, რომ თავად ბენფიკა მწვრთნელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ჟოზე მოურინიო მოულოდნელად მადრიდის რეალში დაბრუნდა.
ამორიმის მანჩესტერული კარიერა მიმდინარე წლის იანვარში, საშობაო პერიოდში განცდილი წარუმატებელი სერიის შემდეგ დასრულდა. მისი გაშვების მთავარ მიზეზად სპორტულ დირექტორ ჯეისონ ვილკოკსთან ტაქტიკური სისტემის (3-4-2-1) გარშემო მომხდარი უთანხმოება და ლიდსთან მატჩის შემდგომი სკანდალური პრესკონფერენცია იქცა.
პორტუგალიელმა კლუბი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დაბალი, 38.1%-იანი მოგების მაჩვენებლით დატოვა, რაც ევროპა ლიგის ფინალში მარცხით დაგვირგვინდა. მის ნაცვლად დანიშნულმა მაიკლ კერიკმა კი გუნდში სტაბილურობა დააბრუნა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა.
მიუხედავად ოლდ ტრაფორდზე განცდილი ფიასკოსი, ამორიმს ევროპაში მაინც კარგი რეპუტაცია აქვს. იგი ფულემის ხელმძღვანელობის შორტ-ლისტშია, სადაც მასთან ერთად პრემიერ ლიგიდან ახლახან დათხოვნილი სხვა სპეციალისტებიც ფიგურირებენ, კერძოდ თომას ფრანკი (ტოტენჰემიდან) და არნე სლოტი (ლივერპულიდან). ლონდონური კლუბი კანდიდატებთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს.