ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული იბერია 1999 გახდა - ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ მოიპოვეს.
ზედიზედ გამარჯვებული ჰყავს ბომბარდირთა სიასაც, რადგან უკვე მე-2 სეზონია, ტორპედოს ნორვეგიელი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი ამ მხრივ საუკეთესოა - გასულ სეზონში 23 გოლი შეაგდო, წელს თავი 21-ჯერ გამოიჩინა.
იონსენმა 4 გოლით აჯობა მე-2 ადგილზე გასულ სამგურალის ფორვარდ გიორგი ფანცულაიას, შემდეგ პოზიციაზე კი, 12 გოლით, დინამო თბილისის ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე გავიდა.
სეზონის საუკეთესო ასისტენტის წოდება ჩემპიონ იბერიას კაპიტანმა გიზი მამაგეიშვილმა დაიმსახურა - 8 საგოლე პასი. 7-7 ასისტი მიითვალეს ვიცე-ჩემპიონ დილას ფრანგმა ლეგიონერმა ჟან-მარკ ტიბუემ და ტორპედოში ივნისში გადასულმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, იბერიელებმა უშუალოდ ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების სიაში სუფთა მე-3 ადგილზე აინაცვლეს - აქამდე მე-3 პოზიციას ვიტ ჯორჯიასთან, ზესტაფონთან, რუსთავთან და დინამო ბათუმთან იყოფდნენ (ყველა მათგანი 2-გზის ჩემპიონია).
წინ 19-გზის ჩემპიონი დინამო თბილისი და 4-გზის ჩემპიონი ტორპედო ქუთაისი არიან. 2-გზის ჩემპიონები წინა აბზაცში ჩამოვთვალეთ, ერთხელ კი ტიტული სამტრედიას, გორის დილასა და ბოლნისის სიონს აქვთ მოგებული.