ესპანელმა სპეციალისტმა, ჩაბი ალონსომ, ლონდონის ჩელსიში მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ არსებული მრავალკვირიანი ჭორები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით თავადვე დაადასტურა.
მადრიდის რეალისა და ლევერკუზენის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტემფორდ ბრიჯზე ლიამ როსენიორის მუდმივი შემცვლელი გახდება.
კვირა დილით ალონსოს ოფიციალურ X (ყოფილ ტვიტერზე) ანგარიშზე გამოჩნდა პოსტი წარწერით: „ჩაბი ალონსო ჩელსის მწვრთნელი გახდება“, რომელსაც თან ახლდა ესპანური გამოცემა Marca-ს სტატიის ბმული, სადაც მისი ლონდონში გადაბარგების დეტალები იყო აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი მალევე წაიშალა, ამ ნაბიჯმა გულშემატკივრებში უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია.
როგორც ირკვევა, მხარეებმა ოთხწლიან კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. 44 წლის ესპანელი გასულ კვირას ლონდონში იმყოფებოდა, სადაც კლუბის ხელმძღვანელობას პირისპირ შეხვდა და რთული სეზონის შემდეგ გუნდის კრიზისიდან გამოყვანის გამოწვევას დათანხმდა.
ალონსო უმუშევარი მას შემდეგ იყო, რაც იანვარში მადრიდის რეალიდან გაათავისუფლეს, სადაც მან 34 მატჩიდან 24-ის მოგება შეძლო. მიუხედავად რეალიდან ნაადრევი წასვლისა, მისი რეპუტაცია ევროპაში კვლავ უმაღლეს დონეზეა, რაც ლევერკუზენის ბაიერთან ერთად ბუნდესლიგის დაუმარცხებლად მოგებითა და გერმანიის თასის ტრიუმფით არის განპირობებული. ჩელსის მფლობელებს სჯერათ, რომ სწორედ ალონსოს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაასრულებს კლუბის 8-წლიან უტიტულო სერიას შიდა ასპარეზზე.