საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
"ძალიან რთულ ჯგუფში აღმოვჩნდით. საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველთვის რთულია. ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასული გადის, მეორე კი პლეიოფში ითამაშებს. ჯგუფში ესპანეთი გვყავს, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. თურქეთიც კარგი გუნდია, თუმცა ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ."
კაპიტანი
"გურამ კაშია ნაკრების კაპტიანი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახლა ვერ გეტყვით, რა როლი ექნება მას მომდევნო ციკლში, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენს ითამაშებს კლუბში. ამ მომენტისთვის საფრთხე არ არსებობს, რომ კაპიტნობა დაკარგოს."
ტაქტიკა
"მომდევნო მატჩებში არა ტაქტიკას, არამედ იმას ექნება მნიშვნელობა თუ რას გავაკეთებთ მოედანზე. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა და ამით კონკურენცია უნდა გაიზარდოს, ბევრ ფეხბურთელს დასვენება სჭირდება. შანსი მიეცემათ იმ მოთამაშეებს, ვინც ჩვენთან დიდხანს არიან და აქამდე დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდათ."
ხარებაშვილი
"მისი თამაშები ვნახე დინამოსა და ახალგაზრდულ ნაკრებში. ჯერ 16 წლისაა, მაგრამ დიდი ასაკის ფეხბურთელივით თამაშობს. მინდა ახლოდან დავაკვირდე და გავიცნო. შეიძლება ბევრი ვერ ითამაშოს, მაგრამ მინდა, რომ ნაკრებს შეეჩვიოს."
ახალგაზრდულის სხვა წევრები
"კონკრეტულ გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ არიან კანდიდატები, რომლებიც განიხილებიან. სლოვაკეთში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს დავესწრები და დავაკვირდები გუნდს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ. U21 ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროზე. გუნდს რამაზ სვანაძის სახით კარგი მწვრთნელი ჰყავს. ეს ახალგაზრდებისთვის კარგი შანსი იქნება."
ჩემპიონთა ლიგის ფინალი
"შეკრების გამო ლიგის ფინალს ვერ დავესწრები, მაგრამ ვუყურებ და ხვიჩას ვუგულშემატკივრებ. თუ მან მოიგო გასახდელში ლიგის ერთადერთი გამარჯვებული აღარ ვიქნები. წარმატებები კვარას, ის ახალგაზრდებისთვის ინსპირაციის წყარო და ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია."
მეკარეები
"ადრე ვთქვი, რომ მეკარეებში მამარდა პირველია, მეორე - გუგეშაშვილი, ხოლო მესამე - ლორია. ეს ახლაც ასე იქნება.:
მეტოქეები ამხანაგურში
"ორი განსხვავებული გუნდია. ფარერები უფრო ფიზიკური გუნდია, კაბო ვერდე კი - შედარებით ტექნიკური. ჩვენ ორივე მათგანისთვის მზად ვართ. ქუთაისში თამაში სწორია, რადგან ნაკრები ყველასია."
ჩაკვეტაძე
"თავიდან ვიცოდით, რომ ჩაკვე 6-8 კვირა ვერ ითამაშებდა, ახლა არ ვიცი, თუმცა რეაბილიტაცია მიდის და სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს."
დავითაშვილი
"ზურიკო მეზიზღება, მას ხმას არ გავცემ, რადგან ჩემი გუნდი ლიგა 1-დან გააგდო (ხუმრობს). ის დიდი ხანია შესვენების გარეშე თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთელია და ტოპ ლიგების დონეს აკმაყოფილებს."
საქართველოს ნაკრები 5 და 8 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში, ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
დებიუტანტებითა და ულიდერებოდ კუნძულელთა წინააღმდეგ