მოახლოებული ივნისის ორი ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნული ნაკრების 24-კაციანი განაცხადი ცნობილია, რომელშიც თავიდანვე ვიცოდით, რომ „ჯვაროსანთა“ რიგებში ლიდერები არ იქნებოდნენ.
ისიც მოსალოდნელი იყო, რომ ფარერისა და მწვანე კონცხის კუნძულელების წინააღმდეგ ვილი სანიოლი არაერთ დებიუტანტს უხმობდა.
ეროვნული გუნდის განაცხადი უდავოდ საინტერესოა, ამ სტატიაში კი მოკლედ მიმოვიხილავთ, კიდევ ვისი ხილვა შეიძლებოდა 5 და 8 ივნისს თბილისსა და ქუთაისში.
ეროვნული ჩემპიონატიდან რომ დავიწყოთ, ფრანგმა თავკაცმა თუკი ვეტერანი საბა კვერკველიას (ტორპედო) სამსახურზე ამჯერად უარი თქვა, ივა გელაშვილის გამოძახება ეჭვს ნამდვილად არ იწვევდა.
იტალიამოვლილი ახალგაზრდა მცველი ეროვნული ლიგის ლიდერ გუნდში ხომ კარგ სეზონს ატარებს, ჩემპიონი იბერიადან კი სხვა კანდიდატი ფეხბურთელი რომ ვახსენოთ, ასეთი ალბათ ფორვარდი იური ტაბატაძეა, ვისი დატესტვაც სანიოლს თავისუფლად შეეძლო.

სასიამოვნო სიურპრიზი შეგვიძლია დავარქვათ ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტის, 16 წლისა და 8 თვის გიორგი ხარებაშვილის ეროვნულ გუნდში გამოძახებას, თუმცა თბილისის დინამოდან არაერთი ქომაგი შესაძლოა, ვალერიან გვილიას „ჯვაროსანთა“ რიგებში დაბრუნებას უფრო ელოდა.
ვაკო ნელ-ნელა შედის ფორმაში და ივნისის მატჩების სტატუსის გათვალისწინებით, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო 30 წლის შუახაზელისთვის ხელახალი შანსის მიცემა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში გურამ გიორბელიძე და გიორგი ბერიძეც დაბრუნდნენ.

მოგეხსენებათ, ნაკრების სიაში ოთხი დებიუტანტია - თინეიჯერი საბა ხარებაშვილის გარდა განაცხადში დამსახურებულად მოხვდნენ მეკარე დავით კერესელიძე, თავდამსხმელი გიორგი გაგუა და ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე.
ამ უკანასკნელის ნაკრებში გამოძახებამ კი უკრაინის ლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელები გაგვახსენა: გიორგი მაისურაძე (ჟიტომირის პოლისია) თუ 21-წლამდელთა რიგებში შეიძლება ვიხილოთ, სანიოლის სიაში ადგილი არ მოინახა რივნეს ვერესის წევრ გიორგი კუციასთვის, რომელიც რეგულარულად თამაშობდა ახლახანს დასრულებულ უკრაინის ჩემპიონატში.

სხვა ლეგიონერებს რაც შეეხება, გიორგი ზარიას გარდა ამ ეტაპზე ნამდვილად არარეალური იყო ყაზახეთის, უზბეკეთისა თუ აზერბაიჯანის, ანდა უნგრეთის ჩემპიონატებში მოთამაშე სხვა ჩვენებურების ნაკრებში ხილვა.
დებიუტანტების თემას რომ დავუბრუნდეთ, რთულია იმის თქმა, მოუწევს თუ არა მეკარე კერესელიძეს ნაკრების მაისურის მორგება, რადგან ორივე მატჩში გუგეშაშვილის ძირითადში გამწესებაზე წინასწარვე იყო ყველასათვის ცნობილი. გაგუა ახალგაზრდულიდან კარგად გვახსოვს და იმედი ვიქონიოთ, დიდ ნაკრებშიც დაგვამახსოვრებს თავს.
რაც შეეხება ნიკა გაგნიძეს, ახალგაზრდა უკანახაზელი კოვალივკელთ აგუნდში სტაბილურად თამაშობდა და ეროვნულ გუნდში მისი ყოფნა სავსებით ლოგიკურია.
სხვა მხრივ კი იმას გეტყვით, რომ ფარერებისა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩვენი ნაკრების რიგებში შესაძლოა ორი ასაკობრივი რეკორდი დაფიქსირდეს, თუკი ორივე გიორგი, ხარებაშვილიც და ლორიაც ითამაშებენ: ერთი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდება, მეორე კი - ყველაზე ხანდაზმული.