1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰარი კეინმა „ოქროს ბუცის“ რბოლაში კონკურენტები ვერც კი შეამჩნია - 36 გოლი ბუნდესლიგაში და 72 ქულა. ჰალანდთან სხვაობა შთამბეჭდავია - მთელი 9 ბურთი. ტოპ-ლიგებიდან 30-გოლიან ნიშნულს მხოლოდ კეინმა გადააბიჯა.
კეინის კოსმოსური შედეგიანობა: 66 წუთი გოლზე, ბაიერნის ყველა ბურთის 29% და რეკორდების მთელი სერია.
ვაჯამებთ ჰარის უძლიერესი სეზონის მთავარ ფაქტებს:
ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბაიერნში გატარებულ სამივე სეზონში. ის პირველი მოთამაშეა ტურნირის ისტორიაში, ვინც ეს ჯილდო პირველსავე სამ სეზონში მოიგო;
გაიტანა ბაიერნის გოლების 29% 2025/26 წლების ჩემპიონატში. მიუნხენელები თავად არიან რეკორდსმენები - მათ 122 ბურთი შეაგდეს;
ბუნდესლიგაში გოლის გასატანად კეინს საშუალოდ 66 წუთი სჭირდება. შედარებისთვის: გერმანიის ჩემპიონატის მეორე ბომბარდირს, დენიზ უნდავს, გოლზე 118 წუთი დასჭირდა;
კეინის აქტივში ბუნდესლიგის 94 მატჩში სულ 98 გოლია - ელვისებური ტემპია;
სისწრაფის კიდევ ერთი რეკორდული სერია: 100 შედეგიანი მოქმედება ბუნდესლიგაში სულ რაღაც 78 მატჩში, 11 ჰეთ-თრიკი - 94 თამაშში, 100 გოლი ტოპ-5 ლიგის ერთ კლუბში - 104 მატჩში (გაასწრო ჰალანდსა და კრიშტიანუ რონალდუს);
61 გოლი ყველა ტურნირზე - ეს რონალდუს 2014/15 წლების სეზონის დონეა, რომელსაც მაშინ ამდენივე ჰქონდა. აბსოლუტური რეკორდი კი ლიონელ მესის ეკუთვნის, რომელმაც 2011/12 წლების სეზონში ბარსელონაში 73 გოლი გაიტანა;
კეინს პროფესიონალურ კარიერაში უკვე 500-ზე მეტი გოლი დაუგროვდა. ამ ნიშნულს მან თებერვალში, ვერდერთან შესრულებული დუბლით მიაღწია.
კეინს ყველაზე მეტად მოულოდნელად ზაგრების დინამოს 24 წლის ფორვარდი, დიონ ბელიო მიუახლოვდა - 31 გოლი. თუმცა, ხორვატიის ლიგის კოეფიციენტის (1,5) გამო, ის კილიან მბაპესა და ჰალანდზე დაბლა აღმოჩნდა. ბელიომ ძალები ბუნდესლიგაშიც სცადა, მაგრამ აუგსბურგში გატარებულ ორ სეზონში მხოლოდ ხუთი გოლი ჰქონდა.
ჰალანდი კვლავ საუკეთესოა პრემიერლიგაში - 27 გოლი. ეს უკვე მესამედ ხდება ინგლისში გატარებულ ოთხ სეზონში!
წლის გაელვება - იგორ ტიაგო. 2024 წელს ის ტოპ-ლიგაში პირველად ჩამოვიდა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო ბრენტფორდის თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. პრემიერლიგაში მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, ახლა დაბრუნდა და აჩვენა, რაც შეუძლია - 22 გოლი სეზონში. ის ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.
მბაპე ზედიზედ მეორედ ხდება ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - 25 გოლი 31 მატჩში. მადრიდიდან პიჩიჩის ტიტული ზედიზედ მოგებული აქვთ ალფრედო დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, ამარო ამანსიოს, უგო სანჩესსა და კრიშტიანუს. თუმცა, ფრანგი ესპანეთის ჩემპიონი ჯერ ვერ გახდა.
მალიორკას 32 წლის ვედატ მურიკიმ კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა (გუნდის ყველა გოლის 49%). ეს მეორე ადგილია ლა ლიგაში და ტოპ-5 ევროპის ოქროს ბუცის რბოლაში. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - მალიორკა გავარდა.
ლამინ იამალი და ფერან ტორესი ოქროს ბუცის რეალურ რბოლაში არ ყოფილან, თუმცა ორივემ 16-16 გოლი გაიტანა ლა ლიგაში და სარას ჯილდო გაიყვეს, როგორც სეზონის საუკეთესო ესპანელმა ბომბარდირებმა.
უჩვეულო ბომბარდირია ლიგა 1-ში - არა ვინმე პსჟ-დან, არამედ რენის ფორვარდი ესტებან ლეპოლი. სულ რაღაც ორი წლის წინ ის საფრანგეთის მესამე ლიგაში თამაშობდა, ახლა კი ოქროს ბუცის პრეტენდენტთა ტოპ-10-შია!

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები