ამერიკაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, საფეხბურთო სამყაროში იხსენებენ გერმანიის ნაკრების ყველაზე სკანდალურ მუნდიალს, რომელიც 1994 წელს სწორედ აშშ-ში ჩატარდა.
ეს ტურნირი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ჩავარდნად და შიდა დაპირისპირებების პიკად ითვლება.
ბერტი ფოგთსის გუნდი ჩემპიონატის წინ უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რაც დიდწილად მისი წინამორბედის, ფრანც ბეკენბაუერის დამსახურება იყო - 1990 წლის ტრიუმფის შემდეგ მან განაცხადა, რომ გერმანია წლების განმავლობაში დაუმარცხებელი იქნებოდა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა. ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე სასტუმროში დაბინავებულ გუნდში საშინელი ატმოსფერო სუფევდა, რისი უმთავრესი მიზეზიც ფეხბურთელების ცოლების გარშემო ატეხილი სკანდალები გახდა.
ანდრეას მიოლერმა მოგვიანებით თავის სვეტში პირდაპირ დაწერა:
გუნდში უამრავი კონფლიქტი იყო. ატმოსფერო - საშინელი. 1990 წლის მუნდიალთან შედარებაც კი არ შეიძლებოდა. 1994 წელს ზოგიერთ ფეხბურთელს სურდა, რომ მათი ცოლები ყველაფერში ყოფილიყვნენ ჩართულები. ჩვენ დროს სისულეებზე ვკარგავდით

სკანდალი ჯერ კიდევ ჩასვლამდე დაიწყო: შტეფან ეფენბერგს სურდა, ოჯახი მისასალმებელ წვეულებაზე მიეყვანა, რასაც სხვები შეეწინააღმდეგნენ. მეკარე ბოდო ილგნერის მეუღლემ, ბიანკამ, სასტუმროში უფასო კვება და ცხოვრება მოითხოვა, რაზეც თომას ჰელმერმა უხეშად უპასუხა: „ნაკრებში პირველი ნომერი ბოდოა და არა მისი ცოლი, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს“. კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა კი მოკლედ მოჭრა: „საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობენ ფეხბურთელების ცოლები“.
ამას დაემატა მოედანზე მომხდარი სკანდალიც: სამხრეთ კორეასთან მატჩისას, შეცვლის შემდეგ, შტეფან ეფენბერგმა მასზე განაწყენებულ გერმანელ გულშემატკივრებს ტრიბუნისკენ შუა თითი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ამის ამსახველი ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს, მწვრთნელმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ის გუნდიდან სასწრაფოდ მოკვეთეს.
ბოლო აკორდი კი ბელგიასთან მერვედფინალის წინ სასტუმროს ტერიტორიაზე გამართული გოლფის მასშტაბური ტურნირი აღმოჩნდა, რომელმაც ფეხბურთელები სრულად განტვირთა და კონცენტრაცია დაუკარგა. გერმანიამ ბელგია კი გაიარა, თუმცა მეოთხედფინალში ბულგარეთთან სენსაციურად დამარცხდა და ჩემპიონატი დატოვა.
მიმდინარე მუნდიალზე გერმანიის ნაკრები ჩრდილოეთ კაროლინაში, შუაგულ ტყეში მდებარე სასტუმროში დაბინავდა, სადაც გარშემო არაფერი ხდება. მოქმედმა მწვრთნელმა, ნაგელსმანმა კი ცოლების საკითხი წინასწარ მოაგვარა - მათ ფეხბურთელების ნახვა მხოლოდ მატჩების მომდევნო დღეებში შეეძლებათ, რათა 32 წლის წინანდელი კოშმარი აღარ განმეორდეს.
