კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის ისტორია ყოველთვის დრამატული იყო.
2022 წელს დოჰაში, მაროკოსთან მეოთხედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, მოედანზე აცრემლებული კაპიტანი ბევრმა უკვე ჩამოწერილი მიიჩნია. თავად ფეხბურთელმაც კი აღიარა სოციალურ ქსელში, რომ პორტუგალიისთვის მუნდიალის მოგების ოცნება დასრულდა. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ იანვარში 41 წელი შეუსრულდა, რონალდუ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაშია და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი კარიერის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად ემზადება.
მარტინესის რისკი და ნაციონალური დებატები
როდესაც რობერტო მარტინესმა ნაკრები ჩაიბარა, მას ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო ახალი გუნდის აშენების შანსი ჰქონდა, თუმცა მან საუდის არაბეთში გამგზავრება და რონალდუს ნაკრებში დარჩენაზე დაყოლიება არჩია. ევრო 2024-ზე ამ გადაწყვეტილებამ კრახი განიცადა. კრიშტიანუმ ტურნირი უგოლოდ დაასრულა, სლოვენიასთან პენალტი გააფუჭა და მოედანზევე ატირდა. პორტუგალიაში დაიწყო დებატები მთავარი სათაურით: „მეტი პორტუგალია, ნაკლები რონალდუ!“
კრიტიკის პასუხად, რონალდუმ მარტინესი ჯერ პრესაში დაიცვა, შემდეგ კი მოედანზეც გადაარჩინა - ერთა ლიგის ნახევარფინალში გერმანიას გაუტანა, ფინალში კი ესპანეთის წინააღმდეგ გაფორმებულ საჩემპიონო მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შემცირებული მობილურობა და ემოციური აფეთქებები
დრო ყველას ამარცხებს და გამონაკლისი არც რონალდუა. ალ ნასრში გადასვლის შემდეგ მისი ფიზიკური ძალა საგრძნობლად შემცირდა. თანამედროვე ფეხბურთში ის ერთ-ერთი იმ იშვიათ თავდამსხმელთაგანია, რომელიც პრესინგში საერთოდ არ მონაწილეობს. როცა მოედანზე რონალდუს ნაცვლად გონსალუ რამუში თამაშობს, პორტუგალია ბევრად უფრო მობილურია, რაც სომხეთთან 9:1 მოგებულ შეხვედრაშიც გამოჩნდა.
გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად პორტუგალიელი უფრო ფეთქებადი გახდა. გასულ ნოემბერში ირლანდიასთან უაზროდ მიღებული წითელი ბარათის გამო მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა ფიფამ საოცარი გადაწყვეტილება მიიღო და სასჯელი შეუმსუბუქა, რის გამოც ის კონგოსა და უზბეკეთის წინააღმდეგ სასტარტო მატჩებში თამაშს შეძლებს.
უკანასკნელი ცეკვა უძლიერეს გუნდში
ეს რონალდუს კარიერის უკანასკნელი ცეკვაა მსოფლიო ჩემპიონატზე. 5 ოქროს ბურთის მფლობელს მუნდიალის პლეი-ოფში არცერთი გოლი არ აქვს გატანილი, რაც მისი ლეგენდარული სტატუსისთვის შეუსაბამოა. თუმცა, მიმდინარე რეალობაში მას ზურგს პორტუგალიის ისტორიაში უძლიერესი შემადგენლობა უმაგრებს:
ვიტინია, ჟოაუ ნევეში და ბრუნო ფერნანდეში დღეს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიოს ქმნიან, დაცვას რუბენ დიაში და ნუნუ მენდეში ამაგრებენ, კარში კი დიეგუ კოშტა დგას.
რონალდუს მოტივაცია და ოცნება უცვლელია. როგორც ვიტინიამ აღნიშნა, გუნდი ერთიანია იდეის გარშემო: „მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი რონალდუსთან ერთად და რონალდუსთვის“.
ერთი რამ კი ზუსტია - როგორც არ უნდა დასრულდეს პორტუგალიის ნაკრების გზა ამერიკაში, ტურნირის ბოლოს მოედანზე ცრემლები მაინც წამოვა.