იასინ აიარის დუბლით შვედეთმა ტუნისი 5:1 გაანადგურა.
შვედეთის ნაკრების ნახევარმცველმა იასინ აიარიმ ორი ლამაზი გოლი გაიტანა, თავი ალექსანდერ ისაკმა და ვიქტორ გიოკერეშმა გამოიჩინეს, რის შედეგადაც სკანდინავიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში ტუნისი 5:1 დაამარცხეს.
სუსტი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალურ ეტაპზე ძლივს მოხვედრილმა შვედეთმა შესანიშნავი სტარტი აიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში 5 გოლი 1938 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, როდესაც კუბას 8:0 სძლია.
ტუნისელი მამისა და მაროკოელი დედის შვილმა, იასინ აიარიმ, ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა. ტუნისის მეკარე მუჰიბ შამახი, რომელიც ალექსანდერ ისაკის ზეწოლის ქვეშ ბურთის მოგერიებას ცდილობდა, შეცდა.
ბურთი ვიქტორ გიოკერეშთან აღმოჩნდა, რომლის დარტყმაც დაიბლოკა, თუმცა აიარიმ ბურთი მიიღო და ძლიერი დარტყმით კარში გაგზავნა. ფეხბურთელმა გოლი საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნა.
თავდაცვაზე ორიენტირებულმა ტუნისმა საკუთარი ტაქტიკის გემო მალევე იწვნია. როდესაც აფრიკელები გათანაბრებას ცდილობდნენ და მეტი ფეხბურთელი შეტევაში გადაჰყავდათ, შვედებმა კონტრშეტევა განახორციელეს.
ბურთის საკუთარ საჯარიმოში მოპოვების შემდეგ ის გიოკერეშს მიუვიდა, რომელმაც მკერდით დაამუშავა და მარცხენა ფლანგზე ალექსანდერ ისაკი გაუშვა. თავდამსხმელმა მონტასარ ტალბის გვერდი აუარა, ცენტრისკენ შეიჭრა და ბურთი მეკარე შამახს ფეხებს შორის გაუტარა.
ტუნისმა პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი შექმნა და თამაშის გეგმის შეცვლაც გაუჭირდა, თუმცა შესვენებამდე სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა. მცველმა ომარ რეკიკმა თავური დარტყმით თავისი გუნდის პირველი ზუსტი დარტყმა გოლად აქცია.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისაკსა და გიოკერეშს ერთმანეთის უკეთ გაგება უჭირდათ და რამდენიმე მომენტი უშედეგოდ დასრულდა.
თუმცა მალე ყველაფერი გამოსწორდა. ისაკმა ელიის სხირის ბურთი აართვა და იდეალური გადაცემით გიოკერეშს გაატანინა - 3:1. შვედ თავდამსხმელს კიდევ რამდენიმე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.
84-ე წუთზე შეცვლაზე ახლად შესულმა მატიას სვანბერგმა გოლი გაიტანა. თავდაპირველად ეპიზოდი ოფსაიდის გამო გაუქმდა, მაგრამ VAR-ის გადამოწმების შემდეგ გოლი ჩაითვალა.
დამატებულ დროში იასინ აიარიმ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა და მეკარე შამახს შანსი არ დაუტოვა. ამჯერად აიარიმ ემოციები აღარ დამალა და გამარჯვება მთელი ძალით აღნიშნა.
ამ გამარჯვებით შვედეთი 3 ქულით F ჯგუფის სათავეში მოექცა, რადგან მანამდე ნიდერლანდებმა და იაპონიამ 2:2 ითამაშეს.