ფორმულა 1-ის მმართველმა ორგანომ (FIA) Daily Mail-ის გამოცდილ კორესპონდენტს, ჯონათან მაკევოის აკრედიტაცია შეუჩერა.
ჟურნალისტი, რომელიც ავტოსპორტს 20 წელზე მეტია აშუქებს, მიმდინარე (2026) წლის სეზონის დარჩენილ 3 რბოლას (ლას-ვეგასი, ყატარი და აბუ-დაბი) ვეღარ დაესწრება.
დისკვალიფიკაციის მიზეზი 4 ნოემბერს, მექსიკის გრან პრის შემდეგ მაკევოის მიერ გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა, სადაც მან შარლ ლეკლერი მწვავედ გააკრიტიკა. მონეგასკმა პილოტმა რბოლის პირველივე წრეზე თანაგუნდელ ლუის ჰემილტონთან კონტაქტის ინიცირება სცადა, რის გამოც ტრასიდან გადავიდა, თუმცა მაინც ბრიტანელის წინ აღმოჩნდა. ამ ინციდენტისთვის შარლმა 10-წამიანი ჯარიმა მიიღო, ფერარის კი ეს რბოლის წაგებად დაუჯდა. სტატიაში მაკევოიმ ლეკლერის ამ საქციელს "ეშმაკი პატარა ნაძირალას" ქმედება უწოდა.
The Athletic-ის ცნობით, FIA-ს გენერალურმა მენეჯერმა, ალბერტო ვილიარელმა ჟურნალისტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მისი ანალიტიკური ტექსტი პროფესიულ სტანდარტებს არღვევდა, რის გამოც ორგანიზაციამ დისკრეციული უფლება გამოიყენა და მას აკრედიტაცია დაუყოვნებლივ შეუჩერა.
Daily Mail-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, კრის დინმა ამ ფაქტს "სიტყვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა" უწოდა და აღნიშნა, რომ პილოტის ზომიერ კრიტიკაზე მსგავსი მკაცრი რეაგირება მიუღებელია. თავად მაკევოიმ მოგვიანებით განმარტა, რომ მისი კომენტარი მხოლოდ მსუბუქი და სახუმარო ხასიათის იყო.
საინტერესოა, რომ აკრედიტაციის შეჩერება მხოლოდ მაკევოის ეხება, შესაბამისად, Daily Mail-ის სხვა რეპორტიორები დარჩენილ რბოლებზე ჩვეულებრივ იმუშავებენ. მსგავსი პრეცედენტი ფორმულა 1-ში წლის დასაწყისშიც დაფიქსირდა, როდესაც იაპონიის გრან პრიზე მაქს ფერსტაპენმა პრესკონფერენციაზე საუბარი მანამ არ დაიწყო, სანამ Guardian-ის ჟურნალისტს ოთახი არ დაატოვებინა.