არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ფეხბურთში არსებულ ტენდენციაზე ისაუბრა.
„არსებობს ასეთი წარმოდგენა, თითქოს ‘ფეხბურთი შეიცვალა და ქუჩის ფეხბურთი აღარ არსებობს’. პაბლო აიმართან ხშირად ვლაპარაკობ ამ თემაზე. ჩვენ ბევრად მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, ვინ ასწავლის ბავშვებს და როგორ ასწავლის მათ.
ამ შემთხვევაში მწვრთნელმა უნდა შექმნას ქუჩის ფეხბურთის გარემო. თუ მე მუდმივად ვეუბნები ბავშვს: ‘გადააწოდე ბურთი!’ ან ‘ორი შეხება!’ - ამით ვუკარგავ მას კრეატიულობას, მის ყველაზე დიდ ღირსებას.
ადრე, არგენტინაში, ყველაზე მეტად სწორედ შემოქმედი ფეხბურთელები, გამთამაშებლები გამოირჩეოდნენ. ახლა კი, თუ ორ მეტოქეს მოატყუებ, ხალხი გიყვირის: ‘გადააწოდე!’ მაგრამ რატომ უნდა გადავაწოდო? ორი მოთამაშე უკვე მოვატყუე, შემიძლია გოლი გავიტანო.
რატომ უნდა მივცე ბურთი გვერდით მდგომ თანაგუნდელს? დაე, თვითონ გაიტანოს. თუ ოთხი ფეხბურთელის მოტყუება სჭირდება, დაე, ასე მოიქცეს. სწორედ ასეთი ფეხბურთელები ქმნიან სხვაობას.
არგენტინული ფეხბურთი მოდის მოხერხებულობის კულტურიდან: მეტოქეების მოტყუება, ბურთის ფეხებს შორის გატარება, სწრაფი „ერთი-ორი“. თუ ბავშვების კონტროლს ისე დავიწყებთ, თითქოს ჯოისტიკით ვმართავდეთ, ეს შეცდომაა.“ - განაცხადა სკალონიმ.