ტოტენჰემის გულშემატკივრები უკიდურესად აღშფოთებულები არიან გუნდის კაპიტნის, კრისტიან რომეროს საქციელით. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა მცველმა ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მიატოვა და სამშობლოში გაფრინდა.
რომერო, რომელიც ამჟამად მუხლის ტრავმის გამო ლაზარეთში იმყოფება, არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფინალური მატჩის საყურებლად გაემგზავრა, სადაც ერთმანეთს რივერ პლეიტი და ბელგრანო უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ რომერო ბავშვობიდან ბელგრანოს გულშემატკივარია და ის უკვე დააფიქსირეს ამ კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, რამაც ტოტენჰემის ქომაგების მძაფრი პროტესტი გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ რომერომ ტრავმის გამო ბოლო ხუთი შეხვედრა გამოტოვა, ის გუნდის წინა ორ საშინაო მატჩს სტადიონიდან ადევნებდა თვალს. ბრაიტონთან ფრეს დროს ტრიბუნებზე იმყოფებოდა, ხოლო ლიდსთან მოგებულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამთან ემოციურად აღნიშნავდა გოლებს. გულშემატკივრები ელოდნენ, რომ კაპიტანი ევერტონთან კრიტიკულ მატჩშიც თანაგუნდელების გვერდით იქნებოდა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელები ააფეთქა.
ტოტენჰემის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინფორმაციო გვერდმა, The Spurs Express-მა, რომელსაც 239 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, სიტუაციას გაუგებარი და არაორდინალური უწოდა:
უბრალოდ აუხსნელია, რომ ტოტენჰემის კაპიტანი არ დაესწრება კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს. სიტყვა 'მოვალეობის უგულებელყოფა' ამ სიტუაციის შესაფასებლად ძალიან რბილი ნათქვამია.
კიდევ ერთმა ცნობილმა გვერდმა, Spurs Army-მ, დაწერა, რომ რომეროს მიერ კაპიტნის სამკლაურის ტარება უკვე სირცხვილია, ხოლო ტოტენჰემის კონტენტ-კრეატორმა ბენ ბოუმენმა აღნიშნა, რომ ეს საქციელი გუნდისა და იმ ფანების უპატივცემულობაა, რომლებიც მას ყოველთვის მხარს უჭერდნენ.
შეგახსენებთ, რომ რობერტო დე ძერბის გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ევერტონთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, კაპიტნის არყოფნა კი ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ გუნდს დამატებით ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს.