ბრაზილიის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მწვრთნელმა, როჟერიო მიკალემ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კარლო ანჩელოტის მიერ ნეიმარის გამოყენების ტაქტიკა მკაცრად გააკრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ 34 წლის ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა, მიკალე მიიჩნევს, რომ მან გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და 2030 წლის მუნდიალს დაუმიზნოს.
„ნეიმარი ჩემთვის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია. ვინ ვარ მე, ანჩელოტიზე რომ ვისაუბრო, მაგრამ ნეიმარი უკეთ უნდა გამოეყენებინათ, ზუსტად ისე, როგორც მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს იყენებენ. ეგვიპტეში ვმუშაობდი და ვიცი, რა პროცესია საჭირო, რომ სალაჰმა მაქსიმუმი აჩვენოს“, - განაცხადა მიკალემ.
მან ტრავმის გამო ნეიმარის მცირე სათამაშო დროზეც ისაუბრა: „ვფიქრობ, ყველაზე დიდი დავა ფიზიკურ ფორმას ეხებოდა. მაგრამ ვარსკვლავს, ფეხბურთელს, რომელიც სხვაობას ქმნის, მოედანზე განსაკუთრებული რამ მოაქვს, თუნდაც საკუთარი ავტორიტეტი სხვა მოთამაშეებისთვის. მე ნეიმარზე უარს არასდროს ვიტყოდი. მომავალ ციკლში მისი მოედანზე ნახვა მინდა, ნეიმარი ხელშეუხებელია“.
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა იმავე მეტლაიფის სტადიონზე დაასრულა, სადაც 2010 წელს მისი დებიუტი შედგა: „ვეცადე, ძალიან ვეცადე. ჩემი კარიერა აქ დაიწყო და აქვე დასრულდა. ახლა ყველაფერი მორჩა“. თუმცა, მიკალეს მსგავსად, ბრაზილიაში ბევრს იმედი აქვს, რომ ლეგენდა დაბრუნდება.