ლივერპულმა კრისტალ პალასთან შაბათის მატჩის წინ ტრავმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეები მიიღო.
პირველი ნომერი, ალისონ ბეკერი, შესაძლოა მოედანს დაუბრუნდეს. ბრაზილიელმა მეკარემ კუნთის ტრავმის გამო ბოლო შვიდი შეხვედრა გამოტოვა. არნე სლოტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ალისონი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნებისთვის მზადაა.
ლივერპულის გულშემატკივრები განსაკუთრებით ნერვიულობდნენ მეკარეების პოზიციაზე მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე, მერსისაიდულ დერბიში ევერტონის წინააღმდეგ, გიორგი მამარდაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ქართველი მეკარე მეორე ტაიმში მესამე ნომერმა, ფრედი ვუდმენმა შეცვალა.
სლოტმა განაცხადა:
არა, გიორგი ვერც ხვალ და ვერც მომდევნო კვირებში ვერ დაგვეხმარება. ალისონი დაბრუნებასთან ახლოსაა. ვნახოთ, ხვალინდელი დღე მისთვის შეიძლება ზედმეტად ადრე იყოს. შესაბამისად, სავარაუდოდ, ფრედი ითამაშებს.
გუნდში სხვა კარგი ამბებიც არის. მცველი ჯო გომესი, რომელსაც ენფილდზე ყოფნისას ტრავმები ხშირად აწუხებდა, მწყობრშია და პალასთან მატჩისთვის შემადგენლობაში იქნება. ოპტიმიზმია ვატარუ ენდოსთან დაკავშირებითაც, რომელმაც კოჭის მძიმე ტრავმა წლის დასაწყისში, სანდერლენდთან მიიღო. სლოტი დარწმუნებულია, რომ იაპონელი ნახევარმცველი სეზონის დასრულებამდე თამაშს მოასწრებს. ენდოს მთავარი ფოკუსი მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც ზაფხულში საკუთარ ნაკრებს კაპიტნის სამკლაურით გაუძღვება.
სლოტმა ასევე ისაუბრა უგო ეკიტიკეზე, რომლისთვისაც სეზონი აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო დასრულდა.
ეკიტიკემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაბრუნდება ფრანგი?
მწვრთნელის თქმით, მისი რეაბილიტაცია ხანგრძლივი იქნება, თუმცა ის აუცილებლად უფრო ძლიერი დაბრუნდება.