ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სპაერთან (2:2) გატანილი გოლისა და აქტიური თამაშის შემდეგ, პოპულარულ პლატფორმა Sofascore-ზე გულშემატკივართა გამოკითხვაში (Fan Pick) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ამირან ძაგანია დასახელდა. მან ხმათა 57% მიიღო და დამაჯერებლად გაუსწრო სიხარულაშვილსა (29%) და კაფეს (7%).
თუმცა, იბერია 1999-ის შემტევის ბრწყინვალე ფორმა მხოლოდ ამ ერთი მატჩით არ შემოიფარგლება, რასაც Sofascore-ის შეფასებებიც ადასტურებს. პლატფორმის მონაცემების მიხედვით, ძაგანია ბოლო პერიოდში სტაბილურად მაღალ ქულებს იმსახურებს. სპაერთან შეხვედრამდე მან გოლები გაუტანა გაგრასა (1:0 მოგება) და კოპენჰაგენს (1:2 მარცხი), სადაც ორივე მატჩში მაღალის შეფასება, 7.6 მიიღო.
მას ასევე მაღალი რეიტინგი აქვს ტორპედოსთან (7.2) და დილასთან (7.1) გამარჯვებით დასრულებულ შეხვედრებში.
საერთო ჯამში, ბოლო 10 მატჩში მის ანგარიშზე 5 გოლია. ამჟამად ეროვნულ ლიგაში ძაგანიას 11 გოლი უგროვდება და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ტორპედოს ფორვარდს, 13-გოლიან კომნენ ანდრიჩს ჩამორჩება.
ფაქტია, რომ თუ შემტევი ამ ტემპს და პლატფორმაზე სტაბილურად მაღალ შეფასებებს შეინარჩუნებს, სეზონის ბოლოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი იქნება.