მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა თავის პოდკასტში ჯუდ ბელინგემის მადრიდულ მომავალზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის პროგნოზით, თუ ახალგაზრდა ვარსკვლავი სამეფო კლუბში დიდხანს დარჩება, ის აუცილებლად მოირგებს მადრიდის რეალის კაპიტნის სამკლაურს.
ფერდინანდმა ფეხბურთელის თამაში უმაღლესად შეაფასა და აღნიშნა, რომ თამაშის ყველა ასპექტში ბელინგემი 10-დან მინიმუმ 8 ქულას იმსახურებს.
ის მოედნის ნებისმიერ წერტილში ახერხებს წნეხისგან დაძვრენას, შეუძლია ბურთის წინ წაღება, უკან ჩამოსვლა, ართმევაზე თამაში და გადამწყვეტ მომენტებში გოლების გატანა
გარდა ამისა, მანჩესტერის ლეგენდამ ხაზი გაუსვა ბელინგემის პოპულარობას მოედანს მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ცნობილი ბრენდი მასთან თანამშრომლობაზე ნადირობს, ფეხბურთელი კონცენტრაციას არ კარგავს. ფერდინანდის თქმით, ხშირად მსგავსი გარე ფაქტორები მოთამაშეებს ყურადღებას უფანტავს, თუმცა ჯუდი თამაშს გამუდმებით აუმჯობესებს.
ფერდინანდმა ბელინგემის სანაკრებო კარიერაც გამოარჩია და თამამად დასძინა, რომ ეროვნულ გუნდში მისი გავლენა და დონე უკვე აღემატება იმას, რასაც ინგლისური ფეხბურთის ლეგენდებმა: პოლ სქოულზმა, ფრენკ ლამპარდმა და სტივენ ჯერარდმა მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ საკლუბო დონეზე მიმდინარე სეზონში ბელინგემის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მისი გუნდი კი ესპანეთის ლა ლიგაში 30 ქულით მეორე ადგილზეა და შაბათს სელტას უმასპინძლებს.