საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ეროვნული გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ ნაკრები ამჟამად იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება, თუმცა ეს ნებისმიერი გუნდისთვის ბუნებრივი პროცესია:
იდეალურ ვითარებაში რომ არ ვართ, ეს ცხადია, მაგრამ ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს ემართება. რეალურად, საწყის ეტაპზე ვართ. მაგრამ უკვე იგრძნობა ის ჟინი და განწყობა, რაც თამაშის მოგებისთვის აუცილებელია. ყველანაირად ვეცდებით, რომ თამაშის დასრულების შემდეგ გავიხაროთ.
მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე, მოკლე დროში ჩატარებულმა ოთხმა შეხვედრამ ფეხბურთელებში გარკვეული დაღლილობა გამოიწვია, რაც შედეგებზეც აისახა. ბოლო სამ შეხვედრაში გაუტანელი გოლების სერიის მიუხედავად, სვანაძე საზოგადოებას მოუწოდებს:
არ უნდა მოხდეს არსებულის ისე დრამატიზება, რომ აქ ყველაფერი მთავრდება. არადა, მოთამაშეთა უმრავლესობა სწორედ ისინი არიან, რომლებმაც საქართველოს მოუტანეს ყველაზე დიდი წარმატება, რაც ოდესმე გვქონია.
გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, ნაკრებში არიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც, რომლებმაც 21-წლამდელთა ნაკრებში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს. მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდი ერთსულოვნებითა და ყოველდღიური შრომით აუცილებლად დაძლევს შექმნილ კრიზისს. სვანაძე დარწმუნებულია, რომ მოთამაშეთა მონდომება და შრომისმოყვარეობა უახლოეს მატჩებში სასურველ შედეგს გამოიღებს.