საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიის ასაკობრივ გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე წყალტუბოს სამგურალის მცველმა, მათე შათირიშვილმა გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე ატლეტიკო ოსასუნას ნახევარმცველმა, ნიკოლოზ ბარიხაშვილ-შეყლაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მიუხედავად ორბურთიანი ლიდერობისა, უმცროსმა ჯვაროსნებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. 25-ე წუთზე მიკელის მენიკსმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 73-ე წუთზე ლუკა კუპრავას ავტოგოლით ლატვიელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
გუნდები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას იმავე სტადიონზე 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე ჩაატარებენ. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც სან მარინოში გაიმართება.
B ლიგის B2 ჯგუფში ქართველების მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, დანია და სან მარინო იქნებიან. შესარჩევი ციკლის ფარგლებში 11 ნოემბერს საქართველო დანიას შეხვდება, 14 ნოემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს მატჩს სან-მარინოსთან გამართავს.