-
Aa
+
ფონტის ზომა
ბლოგების სერიას კი იბერიას ყველაზე გამოცდილი და ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელით, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრით და ამჟამად თბილისური გუნდის “პირველი” ნომრით, გიორგი მაკარიძით ვიწყებთ.
გიორგი 1990 წელს თბილისში დაიბადა და როგორც უამრავი მისი თანატოლი ბავშვობიდანვე დაინტერესდა ფეხბურთით. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეკარეობა გიორგის თავდაპირველი სურვილი არ ყოფილა - მაკარას თავდასხმაში ყოფნა და გოლების გატანა უფრო იზიდავდა, თუმცა გუნდში მეკარის არარსებობისა და მისი სიმაღლის გამო, შვიდი წლის გიორგი დინამოს აკადემიის ძელებს შუა აღმოჩნდა.
პირველივე ტურნირზე საუკეთესო მეკარე გავხდი, რადგან ტურნირზე ერთადერთი მეკარე ვიყავი
გიორგის ფორვარდობის გატაცება არც არასდროს ჩამქრალა. მაკარიძე იმ უიშვიათეს კიპერთა შორისაა, რომელთაც ერთ მატჩში პენალტის მოგერიებაც შეძლეს და გატანაც - გიორგიმ ეს 2015 წელს, ფეირენსესა და ვიტორია გიმარაეშის შეხვედრაში გააკეთა.
გიორგიმ საქართველოს ნაკრებში უფრო მალე ითამაშა ვიდრე დინამოს მთავარ გუნდში, მეტიც, მაკარიძე ლე მანს ისე შეუერთდა, რომ დინამოს პირველ გუნდში არასდროს უთამაშია.
მაკარიძის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2007 წლის 12 სექტემბერს, 17 წლის ასაკში, აზერბაიჯანთან შედგა. კლაუს ტოპმიოლერს ახალგაზრდა მეკარის ეიმედებოდა, სწორედ ამიტომ მაკარიძემ 17 წლის ასაკში ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული თბილისში დინამო არენაზე, შოტლანდიასთან გამართული მატჩი იყო, რომელშიც ჩვენებმა მჭედლიძისა და სირაძის გოლებით 2:0 იმარჯვეს.
მძიმე გამოდგა ახალგაზრდა მეკარისთვის 2008 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული ამხანაგური მატჩი - 4:1 მარცხის შემდეგ, ნაკრებს მთავარი მწვრთნელი დაემშვიდობა, ხოლო გიორგის შემდეგი სანაკრებო მატჩამდე 9 წელი ლოდინი მოუწია - მაკარიძე ეროვნულ გუნდის კარებში 2017 წელს დაბრუნდა და შემდეგი 3 წლის განმავლობაში კიდევ 12 მატჩი ჩაატარა.
18 წლის მეკარე უყურადღებოდ არც ევროპულ კლუბებს დარჩენიათ - იურგენ კლოპის დორტმუნდის ბორუსიაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, მაკარიძე ფრანგულ ლე მანს შეუერთდა. გიორგი საფრანგეთში 2013 წლამდე დარჩა.
უკან რომ დამაბრუნო ბევრ რამეს შევცვლიდი, აქედან ყველანაირი ცოდნის გარეშე წავედი და ეს კარიერაში არ დამეხმარა - ყველაფერი ნელ-ნელა იქ ვისწავლე. სამწუხაროდ ცოტა გვიან მომიწია…
საფრანგეთიდან მაკარიძე კვიპროსში, დოქსა კატოკოპიასში გადაბარგდა, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო, შემდეგ კი მისი პორტუგალიური თავგადასავალი დაიწყო. ჯერ იყო ფეირენსე, შემდეგ კი მორეირენსე, მერე რიო ავე და ვიტორია სეტუბალი.
ქართველმა მეკარემ პორტუგალიის პირველ და მეორე ლიგებში 130-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა - ყველაზე წარმატებული პერიოდი კი მორეირენსეს უკავშირდება, სადაც მაკარამ პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო.
2017 წელს გიორგი მაკარიძის მორეირენსემ პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში ბრაგა დაამარცხა და კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. ფინალამდე მორეირულმა კლუბმა ჯერ პორტოს სძლია, ხოლო შემდეგ ბენფიკას - ქართველმა მეკარემ სამ მატჩში სამი პორტუგალიური გიგანტისგან მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.
2020 წელს მაკარა ესპანეთში, კერძოდ ალმერიაში გადაბარგდა - გიორგი ანდალუისური კლუბის ძირითადი მეკარე გახდა, სადაც პირველივე სეზონში ლა ლიგაში აღზევებასთან ძალიან ახლოს იყო. პლეი-ოფში მარცხის შემდეგ, ალმერიამ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება შემდეგ წელს შეძლო, თუმცა ამ სეზონში მაკარიძეს დიდი სათამაშო დრო აღარ მისცემია.
გიორგი ალმერიადან პონფერადინას შეუერთდა, ხოლო რამოდენიმე თვეში კვლავ პორტუგალიაში, ამჯერად მარიტიმოში დაბრუნდა. შემდეგ იყო მესამე ლიგური კოვილია და 2024 წელს სამშობლოში დაბრუნება.
ფაქტობრივად ერთი ოჯახი ვართ. მიზნისკენ მივიწევთ და იმედი მაქვს ევროტურნირების ჯგუფში შევალთ
15 წლის შემდეგ თბილიში დაბრუნებული მაკარა მალევე ჩამოყალიბდა დედაქალაქური კლუბის ძირითად მეკარედ - გიორგიმ იბერია 1999-თან ერთად 84 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ევროთასების ისტორიაც არწივებთან ერთად დაწერა.
2025 წლის ეროვნული ლიგის სეზონში მაკარიძემ 32 შეხვედრაში მხოლოდ 19 გოლი გაუშვა, ხოლო 19 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. მაკარიძეს 2026 წლის სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, რის გამოც უმეტესად იბერიას კარს თორნიკე მეგრელიშვილი იცავდა.
გიორგიმ იბერიას კარი ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩში დაიცვა, ხოლო ეროვნულ ლიგაში მოედანს 17 სექტემბერს დილასთან მატჩში დაუბრუნდა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები