ალვარო არბელოა მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ, ყველაზე მძიმე პერიოდს გადის.
ლა ლიგაში განცდილმა ბოლო წარუმატებლობებმა (1:2 მალიორკასთან და 1:1 ჟირონასთან) და გასულ კვირას სანტიაგო ბერნაბეუზე ბაიერნთან მარცხმა, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში კატალონიური პრესა არბელოას სამწვრთნელო კარიერას უკვე დასრულებულად მიიჩნევს.
გამოცემა Sport-ის მიმომხილველი, ენრიკ ჟოვე, სტატიაში სათაურით „ბლეფი, სახელად ალვარო“, არბელოას მიმართ ეპითეტებს არ იშურებს. ის მწვრთნელს „იაფფასიან შამპანურს“, „პრეზიდენტის სათამაშო ლეკვს დაფით ხელში“ და „სპორტულ ფორმაში გამოწყობილ პრესსპიკერს“ უწოდებს.
„ალვარო ვეღარავის მოატყუებს: ვერც მადრიდისტებს, ვერც გასახდელს და რაც ყველაზე უარესია - საკუთარ თავსაც კი,“ - წერს ჟოვე. მისი თქმით, არბელოას შედეგები რეალის სათავეში მწირია, მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციებზე ის კვლავ ამპარტავნულად საუბრობს.
კატალონიელი ჟურნალისტი არბელოას „სუსტ მწვრთნელად“ ახასიათებს, რომელიც რეალის გასახდელმა „ათ წუთში შეჭამა“. „ის სამზარეულოში შევიდა და ეგონა, რომ შეფ-მზარეული იყო. სინამდვილეში კი წინსაფარი გაუკეთეს და ჭურჭლის დასარეცხად გაუშვეს. მან კი ეს მიიღო. ეს არის 'იმპოსტორის სინდრომის' პიკი,“ - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის დასასრულს ავტორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ვინც ბევრს ლაპარაკობს, საკუთარ თავს თავადვე ააშკარავებს. ჟოვეს აზრით, არბელოამ საკუთარი კარიერა თავადვე გაანადგურა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაც კი ვეღარ უშველის. „შენ დამნაშავე ხარ. დღეს მას ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ვერ გადაარჩენს. თამაში დასრულებულია (Game over),“ - ასკვნის ის.