ლივერპულის, რეალ მადრიდისა და ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან დიდი წვლილი ითამაშა რეალ მადრიდის მეათე ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც.
როგორც მწვრთნელმა, მან ბაიერ ლევერკუზენში წარმოუდგენელი რამ შეძლო - გუნდს პირველი ტიტული მოაგებინა და ისტორიული, დაუმარცხებელი სეზონით ბაიერნის ჰეგემონია დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგის ფინალში ატალანტასთან დამარცხდა და 2024/25 წლების სეზონიც ცოტა იმედგაცრუებული გამოდგა, 2025 წლის დასაწყისში ალონსო მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელი იყო.
ამ ბრძოლაში რეალ მადრიდმა გაიმარჯვა, თუმცა ალონსომ კლუბში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. მართალია, მას ბრწყინვალე შედეგები არ ჰქონია და შესაძლოა, ზედმეტად თავდაჯერებულიც კი მივიდა გუნდში, მაგრამ მას ხელი ფეხბურთელების იმ ჯგუფმაც შეუშალა, რომელებსაც მისი იდეები არ მოსწონდათ.
ამჟამად ჩაბი ალონსო კლუბის გარეშეა, თუმცა მასზე დიდი მოთხოვნაა. Diario AS-ის ინფორმაციით, ევროპული გრანდები მიიჩნევენ, რომ რეალ მადრიდში მომხდარი ჩაბის ბრალი სულაც არ იყო. მათი აზრით პრობლემა ვალდებებასის ხელმძღვანელობაში უნდა ვეძიოთ.
ლივერპულს ალონსო ადრეც სურდა, თუმცა საბოლოოდ კლუბში არნე სლოტი მივიდა. თავიდან სლოტით ყველა კმაყოფილი იყო, რადგან მან პირველივე სეზონში მოიგო პრემიერ ლიგა, მაგრამ ახლა მისი პრობლემები აშკარაა. Diario AS იტყობინება, რომ ინგლისელებს ალონსოს მოყვანა ძალიან სურთ.
რეალ მადრიდმა კი თავისი ფეხბურთელებისთვის უკეთესი ვარიანტი ალვარო არბელოას სახით იპოვა. ის ჯუდ ბელინგემთან, ფედე ვალვერდესთან და ვინისიუსთან საერთო ენას გაცილებით უკეთ პოულობს.