არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარკ ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი ჟირონაში გადაიდო — დიდი ალბათობით, ის დღეს ხეტაფესთან მატჩში ვერ ითამაშებს.
თუმცა, ტრავმა არ აქვს. გერმანელი ახალ თანაგუნდელებთან ერთად, რომელთაც სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და კლუბმა ის ლა ლიგაში ოფიციალურადაც დაარეგისტრირა. თუმცა, საქმე ლა ლიგის უცნაურ რეგულაციაშია.
ესპანეთის ჩემპიონატის წესებით, მეკარეს მხოლოდ სამი ნომრის ტარება შეუძლია — 1, 13 ან 25.
მაგალითად, „ბარსელონაში“ ტერ შტეგენი თამაშობდა 1 ნომრით, 13 ნომერი ჟოან გარსიას ეკუთვნის, ხოლო სათადარიგო მეკარე ვოიჩეხ შჩენსნი 25 ნომრით ასპარეზობს.
„ჟირონაში“ კი ყველა ეს ნომერი უკვე დაკავებულია:1 ნომერი — დომინიკ ლივაკოვიჩი, 13 ნომერი — პაულო გასანიგა, 25 ნომერი — ვლადისლავ კრაპივცოვი.
თეორიულად, შესაძლებელია რომელიმე მეკარის განაცხადიდან ამოღება, თუმცა ლივაკოვიჩის შემთხვევაში ამას სერიოზული ფინანსური ბარიერი ახლავს. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ნილ სოლას ინფორმაციით, ფენერბაჰჩესთან არსებული საიჯარო ხელშეკრულების პირობებით, ფეხბურთელის ჩემპიონატის განაცხადიდან თვითნებურად ამოღება ჟირონას დიდ ჯარიმად დაუჯდება.
ამასთან, განაცხადიდან ნებისმიერი ფეხბურთელის ამოღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს ლა ლიგასთან, განსაკუთრებით კი სეზონის მიმდინარეობისას.
ამასთან, განაცხადიდან ნებისმიერი ფეხბურთელის ამოღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს ლა ლიგასთან, განსაკუთრებით სეზონის მიმდინარეობისას.
შედეგად, სანამ რომელიმე მეკარის ნომერი არ გათავისუფლდება, ტერ შტეგენს თამაშის უფლება არ ექნება.
კლუბი ლივაკოვიჩის იჯარის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხორვატი არ თამაშობს და მწვრთნელ მიჩელ სანჩესთან კონფლიქტშიც იმყოფება.
თუმცა სიტუაცია რთულადაა:
ფენერბაჰჩე სხვა იჯარას არ განიხილავს და მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე ფიქრობს, ხოლო დაინტერესებული ზაგრების დინამო მზადაა ლივაკოვიჩი მხოლოდ სეზონის ბოლომდე ინათხოვროს.
მიჩელი არ მალავს:
„ლივაკოვიჩს უკვე ვუთხარით, რომ უნდა წავიდეს. მასაც ეს უნდა. ველოდებით.“
კლუბი ზაფხულიდანვე ეძებდა ახალ მეკარეს. ტერ შტეგენი იდეალურად ერგება მიჩელის სტილს: კარგად თამაშობს ფეხით, შეუძლია პრესინგიდან ამოსვლაში გუნდის დახმარება და ზეწოლის ქვეშ არ იკარგება.
მიჩელს არცერთი მოქმედი მეკარე სრულად არ აკმაყოფილებს:
პაულო გასანიგა — სეზონი ცუდად დაიწყო, შეცდომები ისევ აქვს და ნდობა დაკარგა;
დომინიკ ლივაკოვიჩი — ძლიერი სეივები აქვს, მაგრამ ფეხით სუსტად თამაშობს;
ვლადისლავ კრაპივცოვი — ნიჭიერია, თუმცა ლა ლიგის დონისთვის ჯერ მზად არ არის.
„ჟირონას“ სათამაშო მოდელში მეკარე პირველ ფაზაში შეტევის დამატებითი მონაწილეა. გასანიგას პასების სიზუსტე სეზონში მხოლოდ 69%-ია, რაც ამ სტილს არ შეესაბამება.
ამიტომ ტერ შტეგენი პრაქტიკულად გარანტირებულად ძირითადი მეკარე უნდა გახდეს. დარჩა მხოლოდ ერთი დეტალი — მოიძებნოს თავისუფალი ნომერი.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები