საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ YouTube-არხზე Nouvelle Énergie avec David Lisnard ვრცელი ინტერვიუ მისცა.
საინტერესოა, რომ საუბარი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ჩაიწერა, თუმცა მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა, როცა სანიოლი უკვე აღარ იკავებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ინტერვიუში 49 წლის ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, უცხო ქვეყანაში ჩასვლისას შეუძლებელია ყველაფერი საკუთარი სურვილით აკეთო და ადგილობრივ კულტურას, ხედვებს არ დაეყრდნო. სანიოლმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი უპირატესობა ხელმძღვანელობისგან მიღებული დრო და ნდობა იყო, რამაც მას დასავლეთ ევროპისთვის უჩვეულო კომფორტში მუშაობის საშუალება მისცა და საბოლოოდ, ისტორიული წარმატება მოიტანა.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ესაუბრებოდა ფეხბურთელებს გასახდელში და იყენებდა თუ არა უხეშ სიტყვებს. სანიოლის თქმით, ქართველებთან მსგავსი მიდგომა არ ამართლებს, რადგან ისინი განსხვავებული კულტურის ხალხი არიან.
თუ მათ დაუყვირებ ზღარბივით მოიკუნტებიან, თავის თავში იკეტებიან და აღარ გისმენენ. ცოტათი თინეიჯერებივით იქცევიან. გაბრაზების დროსაც კი უნდა ეცადო, რომ რბილი სიტყვები იპოვო... ზოგჯერ შეიძლება ხმას აუწიო, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის მაქსიმუმს დებენ