ფლორენტინო პერესის ხელახალი არჩევის შემდეგ, მადრიდის რეალის სატრანსფერო გეგმები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება.
იბრაჰიმა კონატესა და დენზელ დუმფრისის ტრანსფერების დაანონსების შემდეგ, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ხელმძღვანელობას დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად კიდევ ორი პოტენციური კანდიდატურა დაუმტკიცა.
Diario AS-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა კლუბს იოშკო გვარდიოლისა (მანჩესტერ სიტი) ან რიკარდო კალაფიორის (არსენალი) შეძენის ნებართვა მისცა. მოურინიოს სურს ფიზიკურად ძლიერი მარცხენა მცველი დაიმატოს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაცვის სამეულში ცენტრალურ პოზიციაზე გადასვლა და თამაშის მარტივად გადაწყობა შეეძლება.
კალაფიორი მოურინიოს რომადან კარგად იცნობს, სადაც სწორედ ჟოზემ მისცა მას დიდ ფეხბურთში თავის გამოჩენის პირველი შანსი, ხოლო გვარდიოლის კანდიდატურა მადრიდელებს ბოლო კვირებში აგენტებმა თავად შესთავაზეს.
ახალი მცველების მოსვლა, სავარაუდოდ, გუნდიდან რამდენიმე მოთამაშის წასვლას გამოიწვევს. ფერლან მენდი ბოლო ორი სეზონია ტრავმებისკენაა მიდრეკილი, ფრან გარსიას კი სამწვრთნელო შტაბი იშვიათად ენდობა. ყველაზე დიდი შანსი გუნდში დარჩენისა ალვარო კარერასს აქვს, რომელიც კლუბმა ბენფიკადან 50 მილიონ ევროდ შეიძინა.