გიორგი წიტაიშვილმა, შესაძლოა, ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე ითამაშოს.
ნიდერლანდური Voetbalzone-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის შეძენის ძალიან კარგი შანსი ერედივიზიეს ბოლო 3 გათამაშების ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენს აქვს.
გამოცემის მიხედვით, ეინდჰოვენელთა გარდა, სერიოზული ინტერესი აქვს ბუნდესლიგის წარმომადგენელ და გასული სეზონის ევროპა ლიგის ფინალისტ ფრაიბურგს. წიტას გადაყვანას ყველაზე მეტად სწორედ ეს ორი კლუბი ცდილობს.
პსვ ეინდჰოვენი ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პირდაპირაა დაშვებული და მე-2 კალათაშია განთესილი. პეტერ ბოშის გუნდი ერედივიზიეს ახალ სეზონს კვლავ დიდი ფავორიტის სტატუსით ხვდება, რასაც აიაქსისა და ფეიენოორდის არც ისე სტაბილური ამბებიც ემატება.
დადასტურებულად ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი, გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი (თუმცა, დიდი შანსია, ქოჩორა სხვაგან წავიდეს), ირაკლი აზაროვის შახტარი, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული ითამაშებენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ლიგის ფაზაში შესვლის შანსი აქვთ ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის შტურ გრაცს, წიტაიშვილის საკითხი კი, წესით, უახლოეს 10-14 დღეში გარკვეული უნდა იყოს.
ზოგადად, იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის, 5-5-მა ქართველმა 2-ჯერ ითამაშა - 2003-04 და 2025-26 წლების სეზონებში.
რაც შეეხება ფრაიბურგს, რომელიც 2026 წლის ევროპა ლიგის ფინალში უნაი ემერის ასტონ ვილასთან 0:3 დამარცხდა, კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია და მეტოქეს ელოდება. ფრაიმ ბუნდესლიგის გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.
არსებობს ფინანსურად სოლიდური შეთავაზება საუდის არაბეთის კლუბ ალ ტაავონიდან: "მან ნათლად განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ნამდვილად არ გადავა. ქართველს ხელში ალ ტაავონისგან ძალიან მომგებიანი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთიდან მილიონობით დოლარზე უარი თქვა და ევროპაში თამაშის გაგრძელება აირჩია", - წერს Voetbalzone წიტაიშვილის გარშემო არსებულ ვითარებაზე.
დინამო ბათუმიდან წასვლის შემდეგ, წიტაიშვილმა 2024-25 წლების სეზონი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბ გრანადაში გაატარა (36 მატჩში, 7 გოლი და 4 ასისტი), გასულ წელს კი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდნილ მეცში თამაშობდა - 3 გოლი, 2 ასისტი.
25 წლის ქართველი გარემარბი თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს მისი აყვანა უფასოდ შეუძლია. ზოგადად, Transfermarkt-ი მის ღირებულებად 3 მლნ ევროს მიიჩნევს.