Marca-ს ინფორმაციით, უეფა ჩემპიონთა ლიგის წესის ცვლილებაზე მუშაობს.
ახალი წესის თანახმად, გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზაში 8 საუკეთესოში მოხვდება, ნახევარფინალამდე პლეიოფის პირველ მატჩს სტუმრად გამართავს, საპასუხოს კი - შინ.
აღნიშნული ნაბიჯით უეფას სურს რვა საუკეთესოში მოხვედრილ გუნდს ამ მიღწევისთვის უპირატესობა მიანიჭოს.
ამის საჭიროება წელს არსენალი - რეალის დაპირისპირებამ გააჩინა - ლონდონელები საერთო ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ, რეალი კი - ათეულს მიღმა, რის გამოც 1/16 ფინალში მოუწია მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, წილისყრამ ისე დაალაგა, რომ 1/4 ფინალში რეალმა საპასუხო თამაში შინ ჩაატარა.
სწორედ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად, მომავალი წლიდან 8 საუკეთესოში მოხვედრილი გუნდი 1/8 და 1/4 ფინალურ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებს.
თუ ერთმანეთს 1/4 ფინალში ორი 8 საუკეთესოში გასული გუნდი შეხვდება, მაშინ უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს, რომელმაც ცხრილში უფრო მაღალი პოზიცია დაიკავა.