უეფას კონფერენს ლიგის ეგიდით თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, შვედურ პრესაში მიალბისა და იბერია 1999-ის დაპირისპირებას (1:1) ეხმაურებიან.
შვედების შეფასებით, სტუმრად მოპოვებული 1 ქულა არსებული გარემოებების გათვალისწინებით მისაღები შედეგია, თუმცა თამაშის სურათიდან გამომდინარე, მიალბი გამარჯვებას იმსახურებდა.
მატჩის დასაწყისშივე შვედებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. თბილისელთა მხრიდან ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავას მიერ გატანილი პენალტის შემდეგ, სტუმრებმა ზეწოლა გაზარდეს.
ჯონათან ბერგსტრიმმა ბურთი ხარიხას გაარტყა, რამდენიმე სადავო ეპიზოდში კი შვედები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. საბოლოოდ, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ტომ პეტერსონის გოლით მაინც მოახერხეს.
მატჩის შემდეგ შვედურ პუბლიკაციაში კასპერ შიოლინი თამაშის საბოლოო შედეგს ასე აფასებს:
ალბათ უნდა მოგვეგო კიდეც, რადგან ვფიქრობ, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ იმას ვიღებ, რაც არის. ჩვენ კვლავ დაუმარცხებლები ვართ კონფერენს ლიგაზე და ამის თქმა ყველას არ შეუძლია.
შვედი ანალიტიკოსების აზრით, გუნდს შეტევაში უფრო მარტივი და აგრესიული ფეხბურთის თამაში მართებს, რათა საგოლე მომენტები ეფექტურად გამოიყენოს.