ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში გამართულ პარაძალოსნობის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს - 6 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 230 კგ. ასწია, სამი მისვლის ჯამში 675 კგ. დასძლია და ჩემპიონის წოდება დაიმსახურა; სამი მისვლის ჯამში 428 კგ. დასძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა გიორგი დურგლიშვილი (-80 კგ.).
ინდივიდუალურ ასპარეზობაში დაძლეული 130 კილოგრამით - ვერცხლი, სამი მისვლის ჯამში მოგროვებული 384 კილოგრამით კი ოქროს მედლები მოიპოვა მაკა კვინჩიამ (+86 კგ.). გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კგ. ასწია, სამი მისვლის ჯამში 641 კგ. დასძლია და ვერცხლის მედლებს დაეუფლა; სამი მისვლის ჯამში 467 კგ. ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა იაგო გორგოძე (-107 კგ.).
ახალგაზრდებს შორის, მარიამ პაპიძემ (55 კგ.) ორი ოქროს მედალი მოიპოვა, მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 45 კგ. ასწია, სამი მისვლის ჯამში კი 85 კგ. დააფიქსირა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში 50 კგ. სამი მისვლის ჯამში კი 143 კგ. დასძლია და ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალები მოიპოვა სერგო ტიგიევმა (49 კგ).
თბილისში გამართულ ევროპის ღია ჩემპიონატში 27 ქვეყნის 193 პარაათლეტი მონაწილეობდა.