უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ერთა ლიგის ნოემბრის მატჩების წინ საქართველოსთან დაპირისპირებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნგრელები რთულ შეხვედრებს ელოდებიან და მეტოქის ძლიერ მხარეებსა და საკადრო ცვლილებებსაც აფასებენ.
როგორც როსიმ აღნიშნა, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით ძლიერია და სავარაუდოდ, თბილისში უფრო შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, ვიდრე ეს პუშკაშ არენაზე გამართულ მატჩში იყო. უნგრელთა თავკაცი ვარაუდობს, რომ ქართველები შესაძლოა 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას დაუბრუნდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნას:
მათი საუკეთესო მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. არ ვიტყოდი, რომ მას ვინმე ჩაანაცვლებს, რადგან ასეთი დონის ფეხბურთელი შეუცვლელია, თუმცა მის ადგილს კიდევ ერთი შესანიშნავი მოთამაშე, კვერნაძე დაიკავებს, რომელიც იტალიურ ფროზინონეში გამოდის.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფარგლებში უნგრეთს 14 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდება.