ოქროს ბურთის 2026 წლის 30 ნომინანტის დასახელებამ ბარსელონაში შერეული ემოციები და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
მართალია, საუკეთესოთა შორის ლამინ იამალი და პაუ კუბარსი მოხვდნენ, თუმცა სიას მიღმა დარჩა კატალონიელთა ორი მთავარი ვარსკვლავი - პედრი და რაფინია.
კატალონიურმა გამოცემა Sport-მა ამ ფაქტს უსამართლობა უწოდა. გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაუგებარია იმის ფონზე, რომ წინა გამოკითხვაში რაფინია მეხუთე, ხოლო პედრი მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. ბარსელონას გულშემატკივრებისთვის წარმოუდგენელია, რატომ ვერ მოიძებნა მათთვის ადგილი მაშინ, როცა სიაში მოხვდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან სადიო მანე, ხულიან კინიონესი და დაიო უპამეკანო.
გასულ სეზონში პედრიმ ბარსელონას მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის გუნდის მთავარი ძრავა იყო ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგებაში. რაფინიას სტატისტიკაც შთამბეჭდავი იყო - 33 მატჩში ბრაზილიელმა 21 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთმა მათგანმა ვერ იბრწყინა (ესპანეთის ნაკრებში პედრის პოზიციაზე ფაბიანს ენდობოდნენ, ბრაზილია კი ტურნირის იმედგაცრუება გახდა), ორივე ფეხბურთელი ჰანსი ფლიკის ფორმაციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ეს დაუფასებლობა მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება. კატალონიელთა მთავარი იმედი კი ოქროს ბურთზე 19 წლის ლამინ იამალი იქნება, რომელმაც პრესკონფერენციაზე პირად აღიარებაზე წინ გუნდური წარმატება დააყენა.