ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, უსმან დემბელე პარი სენ-ჟერმენში ხანგრძლივად დარჩენას აპირებს.
ფრანგი ვინგერი იმ გუნდის მთავარ ვარსკვლავად იქცა, რომელიც ბოლო დროს როგორც საფრანგეთში, ისე ევროპაში სრულ დომინირებას ინარჩუნებს.
პარიზული პროექტის მთავარი ფიგურა
RMC Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი პსჟ-სთან ახალ კონტრაქტთან ძალიან ახლოს არის. პარიზში გატარებული პერიოდი დემბელესთვის გარდამტეხი აღმოჩნდა - არასტაბილური ტალანტიდან ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
აქამდე მისი მომავლის გარშემო ბევრი ჭორი დადიოდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას თავისი მთავარი ძალის შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერში დემბელემ ოქროს ბურთი სწორედ იმ სეზონის წყალობით მოიგო, როცა პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ტრავმებმა შეუშალა ხელი, თუმცა მისი როლი გუნდისთვის მაინც უცვლელია. სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს მისი დატვირთვის გასაკონტროლებლად, თავად ფეხბურთელმა კი გასულ თვეში ხმები პარიზიდან შესაძლო წასვლის შესახებ მოკლედ ჩაახშო: „მომავალ სეზონში 100%-ით პსჟ-ში ვიქნები“.
ახალი როლი ლუის ენრიკეს ტაქტიკაში და კვარაცხელიას ფაქტორი
დემბელეს პარიზში დარჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლუის ენრიკეს ტაქტიკაა. ესპანელმა მწვრთნელმა ის მოედნის ცენტრში გადაიყვანა, სადაც ფრანგმა ახალი სუნთქვა გახსნა. ამ ამპლუაში ის იდეალურად შეეწყო პარიზელთა სხვა ვარსკვლავებს - ბრედლი ბარკოლას, დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალურად ხელშეკრულების გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იგეგმება. ამ ეტაპზე დემბელე სრულად ნაკრებზეა ფოკუსირებული, სადაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მესამე მსოფლიო ტიტულის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.