ვალენსიას 100-მდე უკმაყოფილო გულშემატკივარმა, რომელთა უმრავლესობაც Curva Nord-ის ულტრას ჯგუფს წარმოადგენდა, გუნდს აეროპორტში სელტასთან 1:4 მარცხის შემდეგ დახვდა.
ფეხბურთელების მოლოდინში გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის მისამართით სკანდირებდნენ შეძახილებს — „კორბერან, წადი“, ასევე ლოზუნგებს „თქვენ ამ მაისურის ღირსი არ ხართ“ და „დაქირავებული ფეხბურთელები“. კლუბის მფლობელს, პიტერ ლიმს კი სასწრაფოდ გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აეროპორტში ადგილობრივი პოლიციის მანქანები მივიდნენ. ინციდენტის დროს დაზიანდა გუნდის ავტობუსის ერთ-ერთი შუშა.
ვალენსიამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ესმის გულშემატკივრების იმედგაცრუება გუნდის ბოლო შედეგების გამო, თუმცა კლუბი ღრმად ნანობს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავს ქმედებებს შეეძლო საფრთხე შეექმნა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრებისთვის.
კლუბმა მკაფიოდ დაგმო ძალადობის ნებისმიერი ფორმა და აღნიშნა, რომ ასეთი ქცევა დაუშვებელია.
ამ დროისთვის ვალენსია ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა 16 ქულით და 18-ე ტურის შემდეგ გავარდნის ზონაში ჩავარდნის რეალური რისკის წინაშე დგას.
ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში გუნდმა 3 ფრე ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა.