გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელი შედეგიანი მატჩით გახსნა და ელჩესთან, ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა ვილიარეალმა თამაში 3:1 მოიგო.
მიქაუტაძემ მე-7 წუთზე ჯერ ალბერტო მოლეიროს საგოლე გადაცემა გაუკეთა, მე-15 წუთზე კი თავად შეაგდო - ნიკოლა პეპეს პასის შემდეგ შორეულ დაბალ კუთხეში ლამაზად დაარტყა.
შედეგად, ქართველ თავდამსხმელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 საგოლე მოქმედება დაუგროვდა - 4 გოლი და 3 ასისტი.
ვილიარეალს 17 თამაშში 38 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა - ატლეტიკო მადრიდს 1 ქულით უსწრებს და მასზე 1 მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.
მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში, 10 იანვარს, ლა ლიგის მე-15 ადგილოსან ალავესს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.