ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულის პარიზში განცდილი მარცხი (0:2) შეაფასა.
„ეს იყო მძიმე, ძალიან მძიმე მატჩი — ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით. ვფიქრობ, საკუთარ საჯარიმოსთან ძალიან დიდი ძალებით ვიცავდით თავს. სამწუხაროდ, პირველი გოლი რიკოშეტის შედეგად გავიდა. კონტრშეტევებზე გვქონდა მცირე მომენტები, სადაც უკეთესად მოქმედება შეგვეძლო.
ცხადია, საერთოდ არ ვარ ბედნიერი მარცხით. ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ მომავალ კვირას კიდევ ერთი მატჩი გვაქვს სათამაშო.
ხუთი მცველით თამაში? ისინი, ფაქტობრივად, ყველგან მოძრაობენ. საჭიროა კარგი კომუნიკაცია, საკუთარ მეტოქეს ბოლომდე უნდა მიჰყვე. გარკვეულწილად რისკზე წასვლაც გიწევს ხოლმე. უნდა დაელოდო შესაფერის მომენტს ბურთის მოსაპოვებლად და იმედი იქონიო, რომ კონტრშეტევაზე დაიჭერ.
ვფიქრობ, ამის შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა მაინცდამაინც კარგად ვერ გამოვიყენეთ. იმედია, ენფილდზე ბევრად უკეთესები ვიქნებით, განსაკუთრებით ბურთის ფლობისას“.