დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდმა UEFA Youth League-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დანიურ კოპენჰაგენს 3:0 მოუგო.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ გეგუჩაძემ.
"რთული თამაში იყო, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით, ვიგეგმებოდით და რაღაცებმა იმუშავა - გადასვლები და პრესინგი კარგი იყო.
მეტოქე შევისწავლეთ და ბიჭები მზად იყვნენ იმისთვის, რომ გადაელახათ ის სირთულეები, რაც ასეთ ძლიერ გუნდთან პროცესში გაქვს და გექნება. რა დავალებებიც მივეცი კარგად შეასრულეს, მათით კმაყოფილი ვარ და ამ გამარჯვებას ვულოცავ. ასევე ვულოცავ დინამო თბილისის გულშემატკივრებს.
ხვალიდან ეს საღამო უნდა დავივიწყოთ და გადავიდეთ მომზადებაზე - 31-ში თასის 1/2 ფინალი გვაქვს, შემდეგ კი დანიური მატჩის დაგეგმვა დაიწყება. ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი იქ გადაწყდება", - აღნიშნა გეგუჩაძემ.
19-წლამდელთა საქართველოს თასის 1/2 ფინალში დინამო თბილისი ინტერის აკადემიას ხვდება, მეორე 1/2 ფინალში კი სპაერის მეტოქე იბერია 1999-ია.
კოპენჰაგენთან საპასუხო მატჩი მომდევნო ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, დანიაში ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციოს ფინალში იტალიურ ფიორენტინასა და ბულგარულ სეპტემვრი სოფიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
"ხვიჩას ახლა რთული პერიოდი აქვს" - რა თქვა თორნიკემ კოპენჰაგენთან მატჩის შემდეგ