გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა დაიწყო. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
დაძაბულ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ახმედ მაგამაევი ანგარიშით 5:4 დაამარცხა. ნახევარფინალში გასასვლელად მაჭარაშვილი პოლონელ ბარანოვსკის დაუპირისპირდება.
სატურნირო ბადის პარალელურ წყვილში ერთმანეთს ტიტულოვანი ფალავნები - კაილ სნაიდერი და აბდულრაშიდ სადულაევი შეხვდებიან. მეოთხედფინალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალში სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.