საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთა ლიგის შეხვედრაში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების (2:0) შემდეგ, უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა, დომინიკ სობოსლაიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლივერპულის ნახევარმცველმა გამარჯვების მთავარ მიზეზად საბრძოლო სულისკვეთება, გუნდურობა და სტანდარტული მდგომარეობების ეფექტურად გამოყენება დაასახელა.
ვგრძნობდით, რომ კუთხურების დროს შანსები გვქონდა და ამიტომ მათი მოპოვებისას უფრო თავდაჯერებულები ვიყავით
უნგრელთა კაპიტანმა საკუთარ ტრავმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღიარა, რომ სამედიცინო შტაბი მის მოედანზე გასვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, ექიმები თვლიდნენ, რომ ტრავმა თამაშის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა. მეტიც, მატჩის წინ, გათბობაზე ტკივილმა კვლავ იჩინა თავი და ფეხბურთელი თამაშს აღარ აპირებდა.
თუმცა, გადამწყვეტ მომენტში სობოსლაიმ ლიდერის თვისებები გამოავლინა.
„შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: ამას არ გავაკეთებ, ამდენი გზა გამოვიარე და გუნდს ვერ დავაღალატებ. ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო,“ - განაცხადა მან. ა
ხლა მისი მთავარი მიზანი მკურნალობის გაგრძელება და მომდევნო, სამშაბათის შეხვედრისთვის მომზადებაა.
ამ გამარჯვების შედეგად, უნგრეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერ ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ისინი 2 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. დასკვნით ტურში, უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში, სვანაძის გუნდი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს და B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.