ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში 73-ე წუთზე გახსნეს, როლანდ შალაიმ ლაშა დვალს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო, ბურთი კი მცველს მოხვდა და ავტოგოლი დაფიქსირდა. საბოლოო წერტილი 85-ე წუთზე ბარნაბას ვარგამ დასვა.
მატჩის შემდეგ უნგრელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ საკმაოდ გულწრფელი და თვითკრიტიკული კომენტარი გააკეთა.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ჩვენი შესრულებით ბოლო ოთხი ან ხუთი წლის ყველაზე სუსტი პირველი ნახევარი იყო. ეს სიმართლეა. საშინლად ვთამაშობდით," - აღიარა სპეციალისტმა და დასძინა, რომ შესვენებაზე ფეხბურთელებს დამშვიდება ურჩია, რამაც მეორე ტაიმში უკეთესი, პირდაპირი და შეცდომების გარეშე თამაში განაპირობა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ნაკრების თამაშს, როსიმ ჩვენს გუნდზე დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია აკლდა, ამ მატჩზე კარგად ჩანდა, რამდენი ხარისხიანი ქართველი ფეხბურთელია ამჟამად". თუმცა, მან ჩვენი ნაკრების მთავარ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება:
საქართველოს ამ მატჩში ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევაც შეეძლო, მატჩი შესანიშნავად დაიწყო, ბევრჯერ სწორედ ბოლო პასი გაუფუჭდა, ეს საქართველოს ნაკრებში პრობლემა იყო
ამ მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ჯგუფს 11 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს (რომელმაც უკრაინას 1:0 მოუგო), მეორეზე უნგრეთია 10 ქულით, ხოლო უკრაინა 4 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. დასკვნით ტურში საქართველო 17 ნოემბერს, სლოვაკეთში სწორედ უკრაინას დაუპირისპირდება.