VIDEO: 1999 წლის შემდეგ პირველად - ნიუ იორკ ნიქსი NBA-ის ფინალშია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ნიუ იორკ ნიქსმა კლივლენდ კავალიერსი 4:0 გაანადგურა და სეზონის ფინალში 1999 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
რეგულარული სეზონის მე-3 ადგილოსანმა ნიქსმა მე-4 ადგილოსან კავალიერსს სტუმრად პირველი მეოთხედი 12-ქულიანი სხვაობით მოუგო, მეორის პროცესში კი მისმა უპირატესობამ 29 ქულასაც მიაღწია, საბოლოოდ 37-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 130:93.
ნიუ იორკელებს კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა - 19 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება; ოგუგუა ანუნობის 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი ჰქონდა, ლენდი შამეტმა გუნდს 16 ქულა შეჰმატა; მიკაილ ბრიჯისმა და ჯეილენ ბრანსონმა - 15-15; მაილე მაკბრაიდმა - 11.
"ჯეილენი MVP-ის კანდიდატია და ყოველ თამაშში აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს", - ეს ნიქსის მთავარ მწვრთნელ მაიკ ბრაუნის მატჩისშემდგომი შეფასებაა. ბრაუნმა 2007 წელს სეზონის ფინალში სწორედ კავალიერსი გაიყვანა, თუმცა იქ სან ანტონიო სპერსთან დამარცხდა.
კლივლენდელთა მხრიდან და მთლიანად შეხვედრაშიც ყველაზე შედეგიანი დონოვან მიტჩელი იყო - 31 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი; ევან მოუბლიმ 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი მიითვალა; ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 8-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი შეჰმატა.
"ფინალში გასვლა გვინდა და ფინალის მოგებაც. იქ უნდა გავიდეთ კიდეც და უნდა მოვიგოთ კიდეც", - ნიუ იორკის მფლობელმა, ჯეიმს დოლანმა ეს კომენტარი 5 იანვარს გააკეთა.
ნიქსმა წლევანდელ პლეი-ოფში ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და NBA-ის ისტორიაში მე-5 გუნდია, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია - რეკორდსმენი, 15 მოგებით, გოლდენ სტეიტია (2017 წ.), სან ანტონიოს 1999-ში მიჯრით 12 გამარჯვება აქვს, ლეიკერსმა 1989 და 2001 წლებში 11-11 თამაში მოიგო, ნიუ იორკელთა სერია კი ჯერჯერობით მოქმედია.
დიდი ვაშლის ქალაქის წარმომადგენლებს NBA 1970 და 1973 წლებში აქვთ მოგებული, 1999-ის ფინალში კი სან ანტონიოსთან 1:4 დამარცხდნენ.
მიმდინარე პლეი-ოფში უკვე ტრადიციულად, ნიქსი 4:0 გამარჯვების შემდეგ დაისვენებს და მეტოქეს დაელოდება - დასავლეთ კონფერენციის ფინალში ოკლაჰომა V სან ანტონიოს სერიაში 2:2-ია.
ფინალური სერია 3 ივნისს დაიწყება, 5-ში მეორე მატჩია, 8-ში - მესამე, ხოლო 10-ში - მეოთხე.