გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსან დეტროიტ პისტონსს სერიაში ანგარიში 2:1 წაუყვანა.
დეტროიტში მოგებული ერთ-ერთი შეხვედრისა და მოედნის უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ფლორიდელებმა პირველ საშინაო შეხვედრაში 8-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 113:105.
მაგარი მატჩი ჩაატარა პაოლო ბანკერომ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთადერთი აქტივობა დააკლდა - 25 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი. 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა დესმონდ ბეინმა, ხოლო ფრანც ვაგნერს (17 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი), ჯეილენ საგსსა (15 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი) და ვენდელ კარტერს (14 ქულა, 17 მოხსნა, 3 ასისტი) ასევე მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდათ.
რაც შეეხება გოგას, მოედანზე 10:55 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება შესძინა. 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
მიჩიგანელთა შორის, გამორჩეულები კეიდ კანინგემი (27 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი), ტობაიას ჰარისი (23 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი) და ოსარ ტომპსონი (17 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი) იყვნენ.
შედეგად, მეჯიქმა მოედნის უპირატესობა შეინარჩუნა და სერიაში 2:1-ს იგებს. გუნდები მე-4 შეხვედრას 28 აპრილის 04:00 საათზე ითამაშებენ, რის შემდეგაც მე-5 მატჩი უკვე დეტროიტშია - 30 აპრილის 00:00 საათზე.