VIDEO: ბოლო წამების დრამა - ტორპედომ ჩემპიონის 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მთავარ მატჩში, ტორპედო ქუთაისმა მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხა - 1:0.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე, ითრაქის ჩაწოდების შემდეგ, ქუთაისელთა მარცხენა მცველმა, ცოტნე ნადარაიამ გამარჯვების გოლი შეაგდო. უშუალოდ ეროვნულ ლიგაში, ნადარაიასთვის 2023 წლის 12 აპრილის შემდეგ - პირველი, ჯამურად კარიერაში კი მე-4 გოლია.
29 წლის ცოტნე ნადარაია იბერიას აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2017-19 წლებში თამაშობდა - პატივისცემის ნიშნად, გოლი არ აღნიშნა.
აღსანიშნავია, რომ გოლის მომენტში იბერიელები 9 კაცით თამაშობდნენ - არბიტრმა ირაკლი შენგელიამ 87-ე წუთზე - არმელ ზოური, ხოლო 90-ე წუთზე ამირან ძაგანია გააძევა.
სპაერთან და რუსთავთან მარცხის შემდეგ, ტორპედომ ახალ სეზონში პირველი ქულები აიღო, იბერია კი პირველად დამარცხდა (იქამდე დილას მოუგეს).
ასევე, მოქმედ ჩემპიონს ეროვნულ ლიგაში 8-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა - ბოლოს ქულები სწორედ ტორპედოსთან დაკარგეს, როცა 21 ოქტომბერს ამავე სტადიონზე 1:3 წააგეს. ზოგადად, იბერიას ტორპედოსთან ბოლო ურთიერთშეხვედრებში უჭირს - 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.
ამ მომენტისთვის, ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ტორპედომ 3 ტურში ითამაშა, იბერიამ - 2-ში.
15 მარტს, გუგა ნერგაძის იბერია დედაქალაქურ დერბიში დინამო თბილისს უმასპინძლებს, ხოლო 16 რიცხვში ტორპედო ვიცე-ჩემპიონ დილას გორში ეწვევა.