VIDEO: დარჩენა გაინაღდეს - გაგრამ გარეჯს დიდი ანგარიშით მოუგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფეხბურთო კლუბმა გაგრამ ეროვნულ ლიგაში დარჩენა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა.
გიორგი ონიანის ყოფილ და ოქტომბერში პოსტზე დანიშნულ ჟელკო ლუბენოვიჩის გუნდს 43 ქულა აქვს და ცხრილის მე-5 ადგილზეა - იბერიას, დილას, ტორპედოსა და დინამო თბილისის შემდეგ.
გაგრელებმა, 34-ე ტურში, ერთ-ერთ კონკურენტ საგარეჯოს გარეჯს, ხარებაშვილის, მუჯირის, ცინცაძისა და გოცირიძის გოლებით, 4:1 მოუგეს, 43 ქულა დააგროვეს და პლეი-აუტის ზონის კლუბებისთვის მიუწვდომელები გახდნენ.
აღნიშნული ზონის ზედა ადგილზე სწორედ გარეჯია, რომელსაც 34 ქულა აქვს და ძალიან მცირე შანსია, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი პლეი-აუტის დამატებითი მატჩების გარეშე შეინარჩუნოს. პლეი-აუტში მონაწილეობა თითქმის განაღდებული აქვს კიდევ ერთ კახურ გუნდ თელავს.
გარეჯსა და თელავს მეტოქეებად ეროვნული ლიგა 2-ის მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები ეყოლებათ - რეგულარულის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, გადაწყვეტილია, რომ მეორეადგილოსანი სპაერი იქნება, მესამე ადგილის დაკავების შანსს კი 5 გუნდი ინარჩუნებს: ტყიბულის მეშახტე (46 ქულა), სამტრედია (46 ქულა), მარტვილის მერანი (44 ქულა) და სიონი (42 ქულა), იბერია 2 კი, მესამეზე რომც გავიდეს, პლეი-აუტში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან უმაღლეს ლიგაში მისი პირველი გუნდი თამაშობს.
დავამატოთ, რომ ეროვნული ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა ლიგა 2-ის ლიდერმა რუსთავმა, რომელმაც ჩემპიონატის 34-ე ტურში დინამო თბილისი 2-ს 3:0 მოუგო და უმაღლეს დივიზიონში 6-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. გია ცეცაძის გუნდს 68 ქულა აქვს, მეორეადგილოსან სპაერს - 61.