VIDEO: დრამატული ფინიში - დინამო ბათუმმა დინამო თბილისთან ქულა 99-ე წუთზე გადაარჩინა
18 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მთავარი მატჩი თბილისში, დინამო არენაზე, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის ჩატარდა და 1:1 დასრულდა.
დედაქალაქელები მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე კარგი საგოლე მომენტიც გააფუჭეს, რისთვისაც თამაშის ბოლო წამებზე დაისაჯნენ.
59-ე წუთზე, ონორე გომისის პასით, ირაკლი სირაძემ მასპინძლები დააწინაურა. სირაძისთვის ეროვნული ლიგის ამ სეზონში მე-4 გოლია და საინტერესოა, რომ მათგან 2 სწორედ ბათუმელებს გაუტანა - ასევე იბერია 1999-სა და კოლხეთთან შეაგდო.
შეხვედრის დამატებულ წუთებზე, აჭარელთა 20 წლის მეკარე მათე თურმანიძემ ვაკო გვილიას კარგი ბურთი აუღო, შემდეგი შეტევისას კი თორნიკე მორჩილაძეს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და კობა რევაზაშვილმა პენალტი დანიშნა.
99-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ნიკა კალანდარიშვილმა ძალიან კარგად დაარტყა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. კალანდარიშვილისთვის სეზონში მე-2 გოლია.
აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისს ბათუმელები ბოლო 5 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ ჰყავთ დამარცხებული - 2 ფრე და 2 წაგება.
მეორე მხრივ, დასავლელებს ჩემპიონატში 11 აგვისტოს შემდეგ, უკვე 8 მატჩია არ მოუგიათ - 4 ფრე და 4 წაგება.
შედეგად, დინამო თბილისმა 46 ქულა მოაგროვა და ქუთაისის ტორპედოსთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. აჭარლებს 37 ქულა აქვთ, მე-5 პოზიციაზე არიან - გაგრა 4 ქულაშია.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო ტურში სამგურალს ესტუმრება, გია ჭიაბრიშვილის ბიჭები კი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე საგარეჯოს გარეჯთან ითამაშებენ.