VIDEO: გამარჯვებაში საკვანძო როლი შეასრულა - შენგელია ეფესთან MVP გახდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიამ, ევროლიგის 33-ე ტურში, ანადოლუ ეფესის წინააღმდეგ, მაგარი მატჩი ჩაატარა და MVP გახდა. მისმა ბარსელონამ 78:71 მოიგო.
კატალონიელთა ქართველმა ლიდერმა პარკეტზე 26:18 წუთი გაატარა - 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი. 6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
"გამარჯვებაში ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი ვეტერანი თორნიკე შენგელიას პერფორმანსი იყო. გუნდის თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა", - წერს ევროლიგის ოფიციალური საიტი შენგელიაზე.
ეფექტიანობის ინდექსის მხრივ, თოკო ორივე გუნდში საუკეთესო იყო - 25. მასთან ყველაზე ახლოს თურქების ლიდერი, ერჯან ოსმანი იყო - 23, ბარსას მხრიდან კი 11-ზე მაღალი მაჩვენებელი არავის ჰქონია.
"საქმე მხოლოდ ჩემში არაა, მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ვიმუშავეთ და რთულ მომენტებში სათანადო რეაქციები გვქონდა. თანაგუნდელები, ფანები და ყველა თავის როლს ასრულებდა. ძალიან კარგი გარემო შეიქმნა.
ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენთვის რთული სეზონია, ჩავარდნებითა და აღმავლობებით. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა იმ მიზნებისთვის, რომლებიც წინსვლის საშუალებას მოგვცემს", - უთხრა თოკომ ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდს.
33 ტურის შემდეგ, ბარსას 19 მოგება აქვს, მე-9 ადგილზეა და ზედა ხუთეულს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება.
27 მარტს, ბარსელონას თავის ერთ-ერთ კონკურენტ ცრვენა ზვეზდასთან საშინაო შეხვედრა ექნება. სერბებს 32 თამაშში 18 მოგება აქვთ - დღეს მათე ხატიაშვილის ბასკონიას სტუმრობენ.