VIDEO: გოლი ზედიზედ მე-2 მატჩში - კაშიამ ძოწენიძის გუნდს გაუტანა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურამ კაშიამ სლოვაკეთის NIKE LIGA-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მისმა სლოვანმა თორნიკე ძოწენიძის მიხალოვცეს დრამატულ მატჩში 3:2 მოუგო.
მიხალოვცე 53-ე წუთზე, დაწინაურდა, 10 წუთში კი კაცნაკლული დარჩა, კაშიამ ანგარიში 68-ე წუთზე ლამაზი თავური დარტყმით გაათანაბრა. ქართველმა მცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეაგდო - კონფერენს ლიგაზე ესპანურ რაიო ვალეკანოსაც გაუტანა.
მისი გოლის შემდეგ, მიხალოვცე კიდევ ერთხელ გავიდა წინ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში ბრატისლაველებმა 2 გოლი შეაგდეს და შეხვედრა მაინც თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს - 3:2.
38 წლის ქართველისთვის ეს მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული მე-6 მატჩი გახლდათ და პირველი გოლი მიითვალა.
რაც შეეხება 26 წლის ძოწენიძეს, რომელიც ასევე ცენტრალური მცველია, მან მე-10 თამაშში მიიღო მონაწილეობა - უკვე მე-3 სეზონია მიხალოვცეს ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს.
15 შეხვედრის შემდეგ, სლოვანმა 36 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა - ექს-ლიდერმა სანდრო ნარიმანიძის ჟილინამ სტუმრად პოდბრეჟოვასთან 0:2 წააგო. თანაც, ჟილინას 16 თამაშში აქვს აღებული 34 ქულა. მიხალოვცე, 22 ქულით, მე-5 ადგილზეა.
სლოვანი მომდევნო ტურში რუჟემბეროკს უმასპინძლებს, მიხალოვცე, ასევე სახლში, იმავე პოდბრეჟოვას შეხვდება.